ახალი ამბები

4 წლის წინ გაუჩინარებულ 19 წლის ნათია გიორგიძეს ოჯახი დღემდე უშედეგოდ ეძებს

5 ივნისი, 2014 • • 2984
4 წლის წინ გაუჩინარებულ 19 წლის ნათია გიორგიძეს ოჯახი დღემდე უშედეგოდ ეძებს

2010 წლის 31 ოქტომბერს ქუთაისში 19 წლის ნათია გიორგიძე გაუჩინარდა, მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. ნათია გიორგიძის დედა რუსუდან გიორგიძე ამბობს, რომ მისი შვილი ბოლოს თურქეთის ერთ-ერთ სასტუმროში ნახეს:

 

“2010 წლის 31 ოქტომბერს გამოვიდა სახლიდან, ბოლოს კვალი პუშკინის ქუჩაზე იკარგება. იმ დღესვე პოლიციაში განვაცხადეთ, უშედეგოდ. არაფერი გააკეთა პოლიციამ, თქვეს, რომ მდინარე რიონში დაიკარგა. ვეძებეთ მდინარეში და ვერაფერი ვნახეთ, არც ფესხსაცმელი, არც ჩანთა, არც ტანსაცმელი, არც გვამი იქნა ნაპოვნი. ერთი თვის შემდეგ მოიტანეს ბავშვის პირადობა, ვიღაც ძმები გოგავები არიან, სად ნახეს, როგორ მოვიდა – ესეც გარუკვეველია. დაკარგვის დღეს იქ იყო “x5″ შავი ჯიპი, უნომროდ, როგორც გამომძიებელმა თქვა. ბავშვი ორჯერ არის ნანახი, ერთხელ ქუთაისში – 9 ნოემბერს და შემდეგ თურქეთში – 2012 წლის 17 ივნისს. აზა მინდელი საბერძნეთში მიდიოდა და კონკრეტულ ადამიანებს გადაყავდათ თანხის სანაცვლოდ. ეს ქალბატონი თურქეთის ერთ-ერთ სასტუმროში გააჩერეს, საიდანაც მის მეუღლეს დაურეკა და უთხრა, არ ვიცი ვისთან მოვხვდი, ჩემს თავს არ ვჩივი, ახალგაზრდა გოგო ჰყავთ ჩამოყვანილი – ნათია გიორგიძე, რომელსაც დანაწევრებას უპირებენო. შემდეგ სატელეფონო კავშირი წყდება და მეორე დღეს მინდელები ოჯახი იგებს, რომ ეს ქალი გარდაიცვალა, ხოლო სიკვდილის მიზეზად მოწამვლა იყო დასახელებული.”

რუსუდან გიორგიძე
რუსუდან გიორგიძე

 

რუსუდან გიორგიძე ვარაუდობს, რომ გარდაცვლილის მეუღლე კოტე მინდელი დააშინეს, რადგან მისი მტკიცებით, მინდელმა ეს ისტორია მალევე უარყო:

 

“ეს კაცი გვეძებდა, მაგრამ შემდეგ ვინ დაემუქრა, არ ვიცი და ეს საქმე მიიჩქმალა. ვიღაცამ დააშინა, ფულიც შესთავაზეს და გააჩუმეს. როდესაც მე ვნახე  კოტე მინდელი, მომიყვა ყველაფერს, როგორ დაურეკა მეუღლემ, როგორ მივიდა პოლიციაში და განაცხადა. წინა დღეს მეუღლე დაკრძალა და მითხრა, ხვალ მოდი, დღეს არ ვარ კარგადო. მეორე დღეს რომ მივედი, არ ვიცი ვინ დააშინა, მაგრამ თითქმის ყველაფერი უარყო. დღემდე უშედეგოდ მიმდინარეობს გამოძიება. უბრალო მოქალაქე ამას ვერ იზამდა, დაგეგმილი იყო ალბათ და შემსრულებლებს ვიღაც თანამდებობის პირი ეხმარებოდა, თორემ ისე საზღვარზე ვერ გადაიყვანდნენ.”

 

ოჯახმა დახმარების მიზნით ყოფილ პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს წერილობით არაერთხელ მიმართა, ასევე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას, თუმცა, მათი თქმით, უშედეგოდ:

 

“ყველანაირ ღონეს მივმართე. ყოფილ პრეზიდენტს ორჯერ მივწერე, ახალ მთავრობასაც მივმართე, არანაირი მთავრობიდან დახმარება არ მიმიღია. ბესელიას მივწერე, ივანიშვილს მივწერე, ვის არ მივწერე დახმარების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. არ არსებობს სახელმწიფო, გამოძიება არ არსებობს. სირცხვილი ქუთაისს, ერთი 19 წლის გოგო დაიკარგა და მის კვალს ვერავინ მიაგნო. ყველა დამნაშავე იციან, ვინ სადაა და ამ საქმეში ისეთი ადამიანი ფიგურირებს, რომ საქმე გაჭიანურდა. კონკრეტულად ვინ არის ეს ადამიანი, არ ვიცი.”

 

გიორგიძეების ოჯახის ადვოკატი ლედი ტუკვაძე ამბობს, რომ მინდელების ოჯახი გარკვეული პერიოდი დუმდა, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მისი თხოვნით კოტე მინდელმა დუმილი დაარღვია და გამოძიებასთან ითანამშრომლა:

 

“ამ ჩვენების შემდეგ ჩვენ დავაყენეთ მოთხოვნა, რომ გამოძიება განახლებულიყო და საქმის რეალური გარემოებები დადგენილიყო. გამოძიებას დადგენილი აქვს გოგოს გამტაცებელი ჯგუფის წევრები, იქ იკვეთება ერთ-ერთი მაღალჩინოსნის შესაძლო, გარკვეული ურთიერთობა ამ ჯგუფთან. ამ მაღალჩინოსნის ვინაობა სამართალდამცავებისთვის ცნობილია. ახლა ისევ თაროზე დევს ეს საქმე. თავიდან ქალაქის მეორე რაიონული განყოფიელბა იძიებდა, შემდეგ ქალაქის მთავარმა სამმართველომ წაიღო, შემდეგ სამინისტრომ გაითხოვა. არ შეიძლებოდა ამ კატეგორიის საქმე მეორე რაიონული განყოფილების დაქვემდებარებაში ყოფილიყო. შემდეგ ტრეფიკინგის სამმართველოს ჰქონდა საქმე გათხოვილი, ახლა, თუ არ ვცდები, ისევ ქალაქის მთავარ სამმართველოშია საქმე.”

 

კითხვაზე, კონკრეტულად რომელ მაღალჩინოსანს სდებენ ბრალს, ადვოკატი პასუხობს:

 

“ყოფილი ერთ-ერთი პირველი პირია, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაზე მაქვს საუბარი. ის დღესაც იკავებს ლიდერ პოზიციას და დღესაც ძალიან ბედნიერად მუშაობს. გამოიკვეთა ეს პირი იმ ჯგუფთან ურთიერთობაში. მინდელი შინაურულ გარემოში მესაუბრა და მითხრა, რომ მას არაოფიციალური საუბრები ჰქონდა სამართალდამცავებთან ამ საქმეზე. ისინი ხედავენ, რომ საქმე არ დაიძრა, არავის აინტერესებს მისი ცოლის ტრაგედიის გამოძიება, იციან, რომ მათ მფარველები ჰყავთ, რადგან მითხრეს, რომ გარკვეული თანხა შესთავაზეს, მაგრამ ეს თანხა არ აიღეს.”

 

ტუკვაძის თქმით, აუცილებელია შს მინისტრი დაინტერესდეს ამ შემთხვევით და საქმეც ისეთ ორგანოს უნდა გადაეცეს, ვისაც რეალურად გააჩნია რესურსი, რომ საქმე გაიხსნას.

 


უგზოუკვლოდ დაკარგულთა სტატისტიკა 2013 წლიდან 2014 წლის მარტის ჩათვლით პერიოდში
უგზოუკვლოდ დაკარგულთა სტატისტიკა 2013 წლიდან 2014 წლის მარტის ჩათვლით პერიოდში

 

შსს-სგან მოწოდებული ინფორმაციით, 2014 წლის 1 იანვრიდან 19 მარტის ჩათვლით უგზოუკვლოდ დაკარგულია 11 ქალი და 15 კაცი. 2013 წლის განმავლობაში უგზოუკვლოდ დაიკარგა სულ 117 კაცი და 52 ქალი. სასამართლომ გარდაცვლილად ცნო ერთი პირი. იპოვეს 24 გვამი. 2010-2012 წლებში 548 ადამიანი დაიკარგა.


მასალების გადაბეჭდვის წესი