ახალი ამბები

წულუკიანმა, ფაქტობრივად, ინსტრუქციები მისცა გამოძიებას – გიგაური

22 ნოემბერი, 2018 • 1707
წულუკიანმა, ფაქტობრივად, ინსტრუქციები მისცა გამოძიებას – გიგაური

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის შეფასებით, საგანგანშოა, რომ იუსტიციის მინისტრი არ დაელოდა გამოძიებას და ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ ინფორმაციას ტყუილი უწოდა.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის ბრალდებას არასამთავრობო ორგანიზაციების “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირის შესახებ, გიგაურის თქმით, მსგავსი უსაფუძვლო ბრალდებები ახალი არ არის და წინა ხელისუფლების დროსაც ისმოდა.

“აქ საგანგაშო ის არის, რომ იუსტიციის მინისტრი არ დაელოდა გამოძიების შედგებს და წინასწარ დაანონსა, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი. ამით, ფაქტობრივად, ინსტრუქციები მისცა საგამოძიებო ორგანოებს, რომ მათ ეს შედეგი დაედოთ”, – განაცხადა გიგაურმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

მისი თქმით, ამჟამად მთელი დისკუსია გადართულია იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაასახელონ წყარო, რომელმაც ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რაც წარმოუდგენელია.

გიგაურის თქმით, არასწორია, როდესაც პროკურატურა მისი და ირმა პავლიაშვილის გამოკითხვის შემდეგ აკეთებს განცხადებას, რომ მათ ინფორმაცია არ მიაწოდეს, იმის ნაცვლად, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩაეტარებინათ სერვისების განვითარების სააგენტოში და დაეყადაღებინათ ბეჭდვის აპარატები.

საია-ს, სამართლიანი არჩევნებისა და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა გასულ კვირას მათ მიაწოდა ინფორმაცია სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ.

არასამთავრობოების წყაროს ინფორმაციით, ყალბი პირადობის მოწმობები სააგენტოს სჭირდება არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაყალბებისთვის.

სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსი სოსო გიორგაძე ამბობს, რომ “გაუგონარი ცილისწამებაა” არასამთავრობოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ყალბი პირადობების სავარაუდო ბეჭდვის შესახებ.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება დაიწყო.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ტყუილში გამოიჭირეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი