ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე დაკავებულებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურას მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ დაუდასტურა.
გედენიძის თქმით, საქმე პრეცედენტულია, რამდენადაც ქართულ მართლმსაჯულებაში აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც სასამართლომ პროკურატურას დაზარალებულებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. შესაბამისად, გედენიძე აცხადებს, რომ დაზარალებულებისთვის მნიშვნელოვანია თავად გადაწყვეტილება და აქცენტს კომპენსაციის ოდენობაზე არ აკეთებენ.
ფოტოგრაფი აღნიშნავს, რომ მორალური ზიანი სასამართლოს გადაწყვეტილებით პროკურატურამ უნდა აუნაზღაუროს ოთხივე დაკავებულს: ნათია და ირაკლი გედენიძეებს, ზურაბ ქურციკიძესა და გიორგი აბდალაძეს.
2011 წლის 7 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს ფოტორეპორტიორები, ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ნათია გედენიძე. ფოტოგრაფების დაკავებას ქართული მედიის მნიშვნელოვანი ნაწილი აპროტესტებდა და მათი გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს მართავდა.
დაკავებულები 2011 წლის 22 ივლისს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამ საქმის გამოძიება დაიწყო. უწყების პოზიციით, ფოტოგრაფების დაკავების რეალური მიზეზი არა ჯაშუშობა, არამედ ამავე წლის 26 მაისს ხელისუფლების სანააღმდეგოდ გამართული აქციის დარბევის ფოტოების გადაღება და გავრცელება გახდა.
ფოტოგრაფების საქმეზე 2017 წლის 20 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ კონტრდაზვერვის ყოფილ მაღალჩინოსან დავით დევნოზაშვილს და სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილ დირექტორ ალექსანდრე მუხაძეს პატიმრობა მიუსაჯა.
2018 წლის ნოემბერში სააპელაციო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფები გაამართლა.