ახალი ამბები

ღარიბაშვილი: არ ვიცი, რატომ გაუჩნდათ დაუცველობის განცდა 17 მაისის აქციის მონაწილეებს

4 ივნისი, 2014 •
ღარიბაშვილი:  არ ვიცი, რატომ გაუჩნდათ დაუცველობის განცდა 17 მაისის აქციის მონაწილეებს

“ნეტგაზეთის” კითხვას, რომ 17 მაისს ვერ აღინიშნა ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე და ამის მიზეზად დასახელდა ის ფაქტი, რომ ადამინებს არ ჰქონდათ უსაფრთხოების განცდა და ფიქრობდნენ, რომ სახელმწიფო ვერ დაიცავდა მათ უფლებებს, ირაკლი ღარიბაშვილი არ ეთანხმება:

  

“მე არ ვიცი, ეს თქვენი ინტერპრეტაციაა, თუ რაიმე განცხადებაზეა დაყრდნობილი, თქვენ რომ ამბობთ, რომ არ აღნიშნეს იმიტომ, რომ მთავრობამ არ დაიცვა თუ ვერ დაიცვა?”

 

“ნეტგზეთი” : “მათ გაუჩნდათ განცდა, რომ მათ სახელმწიფო ვერ დაიცავდა, ასევე გასათვალისწინებელია წინა წლების გამოცდილება”.

“მე არ ვიცი, რა განცდა გაუჩნდათ, გასულ წელს ჩატარდა, აღინიშნა, იქ მოხდა შეხლა–შემოხლა და პოლიციამ ძალიან მაგრად იმუშავა, მე პირადად ვიყავი ადგილზე და იქ სასწაული მოხდა მართლაც, თორემ ძალიან მძიმედ განვითარდებოდა მოვლენები. რამდენიმე ათას კონტრდემონსტრანტს დახვდა იქ 10 ადამიანი, 10 კაცი იყო გამოსული სულ, მეტი არ იყო. იქ ავტობუსები წინასწარ მივიყვანეთ და დავიცავით, არც ერთი ადამიანი არ დაზარალებულა პოლიციელების გარდა, რამდენმა პოლიციელმა მოიტეხა ფეხი და დაზარალდნენ, და დღეს რომ მეუბნებით, რომ სახელმწიფო არ იცავს, ამას ვერ დავეთანხმები” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

17 მაისი არის ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე, რომელსაც მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ. ამ დღის მიზანი არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ლგბტ (გეის, ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ და მათი უფლებების დაცვისთვის კამპანიის წარმოება. 

 

17 მაისი სიმბოლურად დაემთხვა დღეს, როდესაც გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა 1990 წელს დაავადებათა ნუსხიდან ამოიღო. 2013 წლის 17 მაისს თბილისშიც აპირებდნენ აქციის გამარვას ლგბტ აქტივისტები, რისი საშუალებაც მართლმადიდებელმა მღვდლებმა არ მისცეს

 

ეკლესია 17 მაისის აღნიშვნას ეწინააღდმეგება და ამის საპირისპიროდ ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა

მასალების გადაბეჭდვის წესი