ახალი ამბები

“მამები სიმართლისთვის” 25 ნოემბერს პარლამენტთან აქციას აანონსებს

21 ნოემბერი, 2018 • 1275
“მამები სიმართლისთვის” 25 ნოემბერს პარლამენტთან აქციას აანონსებს

25 ნოემბერს პარლამენტთან მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე მხარდამჭერებთან ერთად აქციას გამართავენ. როგორც ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ამ თარიღს პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღე უკავშირდება.

განცხადებაში “მამები სამართლისთვის” წერენ, რომ მიუხედავად იმისა, მათი მოთხოვნები ლეგიტიმურია და მათი შვილების მკვლელობების გამოძიებას ეხება, სახელმწიფო აღნიშნულ მოთხოვნას ცილისწამებითა და ზეწოლით პასუხობს. ფოტო: “მამები სამართლისთვის”

აქცია 25 ნოემბერს, კვირას, 14:00-ზე დაიწყება.

თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში შუბლის არეში დაჭრეს. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავების მომენტში მაჩალიკაშვილი სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს. მაჩალიკაშვილი 10 იანვარს გარდაიცვალა.

ბოლო რამდენიმე თვეა თემირლანის სიკვდილს აქციებით აპროტესტებს მოკლულის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი. პროსტესტი პარლამენტთან ახლაც მიმდინარეობს. მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად სამართლიანობის აღდგენას ორივე საქმეზე ითხოვს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი