ახალი ამბები

მაისში “ოცნების” ყველაზე მსხვილი შემწირველები კონსერვატიული პარტიის ლიდერები არიან

3 ივნისი, 2014 •
მაისში “ოცნების” ყველაზე მსხვილი შემწირველები კონსერვატიული პარტიის ლიდერები არიან

ზემოხსენებული თანხა 53-მა ფიზიკურმა პირმა კოალიციაში შემავალი 6 პარტიიდან მხოლოდ ერთის, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ანგარიშზე ჩარიცხა. აპრილის თვეში “ქართული ოცნების” შემწირველებს შორის საქართველოს ფოსტისა და “ქართუ ბანკის მაღალი რგოლის მენეჯერები სჭარბობდნენ, თუმცა მაისში ეს ტენდენცია შეცვლილია და მსხვილ შემომწირველებად დეპუტატები ფიქსირდებიან კონსერვატიული პარტიიდან.


კონსერვატორმა ზვიად ძიძიგურმა ‘ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ანგარიშზე 30 ათასი ლარი შეიტანა, ზუსტად ამ თანხით შეეწივნენ “ოცნებას” მისი თანაპარტიელები: ბიძინა გუჯაბიძე და გიგა ბუკია. 30 ათასი ლარი შეიტანა “ქართული ოცნების” ანგარიშზე კიდევ ერთმა კონსერვატორმა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემაც. კიდევ ერთმა კონსერვატორმა ნინო გოგუაძემ, რომელიც თბილისში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, “ქართულ ოცნებას” 7 ათასი ლარი შესწირა. 30 ათასი ლარი გადარიცხა ყოფილმა “ნაციონალმა” დეპუტატმა რევაზ შავლოხაშვილმა, რომელიც ახლა კონსერვატორების ფრაქციის წევრია პარლამენტში.

 

კონსერვატორები
კონსერვატორები

კოალიციას 10 ათასი ლარი შესწირა დავით უთმელიძემ. იგი 2009-2010 წლებში თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის ყოფილი უფროსის, დავით ხოსიტაშვილის კომპანია დაო პლიუსის დირექტორად მუშაობდა. ეს კომპანია კი წელს თბილისის საკრებულოს წევრმა გულიკო ზუმბაძემ თბილისის მერიასთან ერთად კორუფციაში დაადანაშაულა:

 

“თბილისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ყოველთვის წარმოადგენდა ნაცმოძრაობის ერთ–ერთ ძირითად დასაყრდენს არჩევნების პერიოდში. როგორც ჩანს, ეს დამოკიდებულება მარტო პარტიული ინტერესით არ შემოიფარგლებოდა და ხშირად კერძო ბიზნესინტერესების ხასიათს ატარებდა. ამის ნათელი დადასტურებაა თბილსის მერიის საფინანსო სამსახურის ყოფილი უფროსის მიერ სამსახურეობრივი მდგომაროების გამოყენებით სპეციალურად თბილისის საბავშვო ბაღების აუდიტორიული მომსახურებისთვის შექმნილი კომპანია დაუ პლიუსი. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ამ კომპანიას დაწყებული აქვს ახალი ხელშეკრულებების გაფორმება ბუღალტრული და იურიდიული მომსახურებისთვის თითოეულ საბავშვო ბაღთან უკვე 400–400 ლარის გადახდის პირობით, მაშინ, როცა აქამდე ეს თანხა 250–300 ლარს შეადგენდა. აღნიშნული ხელშეკრულებები 2019 წლამდე ფორმდბა, რაც, ჯამში, შეადგენს 3 მილიონ 792 ათას ლარს, ეს ფაქტი გახლავთ კორუფციის კლასიკური ნიმუში”, – აცხადებს ზუმბაძე და დასძენს, რომ ამ შემთხვევით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

 

მოქმედი საარჩევნო კოდექსი იურიდიულ პირებს წელიწადში ამა თუ იმ პარტიის 60 ათასი ლარით დაფინანსების საშუალებას აძლევს, თუმცა “ქართული ოცნებისთვის” თანხა არც ერთ იურიდიულ პირს არ შეუწირავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი