სამინისტროს ცნობით, დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ახორციელებენ. მიმდინარე სამუშაოების მიზანი დროებითი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაა.
ადგილზე 70 ერთეული ტექნიკა და 170-მდე თანამშრომელი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, აცხადებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, შეიქმნა საგანგებო შტაბი, სადაც გზის გაწმენდითი და სამძებრო-სამაშველო სამუშოების დასაგეგმად სხდომები იმართება, რომლის მუშაობის შედეგად მოხერხდა ახალი კალაპოტის გაჭრა და მეწყრის შედეგად დაგუბებული წყლის გადინება, რამაც დატბორილი ადგილი გაათავისუფლა და გრძელდება მდინარე თერგის კალაპოტის გაღრმავების სამუშაოებიც, აცხადებს სამინისტრო.
ადგილზე მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დევდორაკის ხეობის ყველაზე მაღალ წერტილებში შექმნილია რამდენიმე საგუშაგო, საიდანაც მეწყერსაშიშ ზონებზე დაკვირვება და მომუშავე ჯგუფებთან მუდმივი რადიოკავშირი ხორციელდება.
გზის გაწმენდითი სამუშაოები ხეობაში 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, რათა დროებითი გზა მალე გაიხსნას და დამეწყრილი ტერიტორია მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოწესრიგდეს, აცხადებს სამინისტრო.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 17 მაისს დილით, დაახლოებით 10 საათისთვის სოფელ გველეთთან, მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან მთის მასივი ჩამოიშალა, რამაც დააზიანა რუსეთიდან მომავალი 700 მილიმეტრიანი და 1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენები. მეწყერის ჩამოწოლის გამო მდინარე თერგის კალაპოტის გადაკეტა და წყლის დაგუბება გამოიწვია.
დარიალის ხეობაში დაკარგულად ითვლებოდა 6 პირი, რომელთა შორის შსს-მ იპოვა ორი გარდაცვლილის გვამი, ხოლო 4 დაკარგულის საპოვნელად საძიებო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.