თბილისში დღეს საპროტესტო აქცია და მსვლელობა გაიმართება, რომლითაც მონაწილეები მხარს დაუჭერენ ბექა წიქარიშვილს, რომელსაც 7-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის. აქციის მონაწილენი ასევე გააპროტესტებენ ნარკოპoლიტიკას ქვეყანაში.
აქცია 15.00 საათზე უნივერსიტეტის (თსუ) 1 კორპუსის ეზოდან დაიწყება და მსვლელობა გაგრძელდება ყოფილი პარლამენტის შენობამდე.
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აქციაზე იქნება “მუსიკალური ხმაური იმ ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც უდანაშაულო ადამიანებს არაადეკვატური სისასტიკით სჯის” და მონაწილეებს სურვილისამებრ მოუწოდებენ, თან იქონიონ ნებისმიერი ნივთი, რომელიც ხმას გამოსცემს.
აქციის მონაწილეები ასევე აცხადებენ, რომ ემიჯნებიან ყველა პოლიტიკურ ჯგუფს.
“აქცია იქნება მშვიდობიანი, მაგრამ ხმაურიანი.”
აქციის ორგანიზატორებმა 30 ოქტომბერს მანიფესტი გამოაქვეყნეს.
“მოცემული კანონი არ ანსხვავებს და ერთნაირად სჯის მომხმარებელსა და გამსაღებელს. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაპროტესტებთ სამართლის უსამართლო პრინციპებს და კი არ ვითხოვთ, არამედ კატეგორიულად მოვითხოვთ ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის შეწყვეტას და იმ თავისუფლების უზრუნველყოფას, რომელიც ყველა ჩვენგანს ეკუთვნის!”, – წერია მანიფესტში.
აქცია ინტერნეტში ბექა წიქარიშვილის მხარდასაჭერად 23 მაისს დაიწყო. facebook -ზე ამ კამპანიისთვის შექმნილი გვერდი “ბექა კრიმინალი არ არის”31 მაისს უკვე 5448 ადამიანს მოსწონს. ამ პერიოდის განმავლობაში მოქალაქეები იღებდნენ ფოტოებს წარწერით “ბექა კრიმინალი არ არის”, ასევე წერდნენ ვიდეომიმართვებს და აქვეყნებდნენ ამ გვერდზე.




