ახალი ამბები

პოლიციის დღე ბათუმში გამოფენებით, წარმოდგენებითა და დაჯილდოებებით (ვიდეო)

30 მაისი, 2014 •
პოლიციის დღე ბათუმში გამოფენებით, წარმოდგენებითა და დაჯილდოებებით (ვიდეო)

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამშრომლებს პოლიციელის დღე მიულოცა და დააჯილდოვა მოქმედი პოლიციელები და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვეტერანები.

 

“ღონისძიებას ასევე ესწრებიან: საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ოფიციალური დელეგაციები პარტნიორი ქვეყნებიდან: ბელარუსიდან, ლატვიიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს საგამოფენო სივრცე, სადაც შსს-ს დანაყოფებმა თავიანთი ავტოპარკი, ტექნიკა, იარაღები და აღჭურვილობა წარმოადგინეს. გამოფენაზე წარმოდგენილია საპატრულო პოლიციის ავტოპარკი: ავტომანქანები – „შკოდა“ და „მინი კუპერი“, მოტოციკლები, ელექტრომობილი, „სეგვეი“, საბრძოლო ჯავშანტექნიკა: „კობრა“, „მგელი“, „დეფენდერი“, „მანი TGM 13-250”, დაცვის პოლიციის ავტომანქანა „შკოდა“, ელექტრომოტო, საავიაციო უშიშროების ავტომანქანა და საინკასაციო ჯავშანმანქანა; ასევე, სახანძრო მანქანა. სასაზღვრო პოლიციამ წარმოადგინა ვერტმფრენი, რომელიც გამოიყენება სამაშველო ოპერაციებში და მთიან რეგიონებში პირადი შემადგენლობის გადასაყვანად, ასევე, კვადროციკლები და თოვლმავალი, ზღვაში კი სანაპირო დაცვის 7 კატარღაა ჩაშვებული. ტენტით გადახურულ საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილია შსს-ს სხვადასხვა ტიპის შეიარაღება. საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა მთავარმა სამმართველომ წარმოადგინა მოძრავი ლაბორატორია და ადგილზე მოეწყო ჰაბიტოსკოპიური (პიროვნების სახით ამოცნობა) და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის (თითის ანაბეჭდების აღება) დემონსტრირება. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა გამოფინა თოვლმავალი და სადეკონტამინაციო კარავი, სადაც წარმოდგენილია ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირებისათვის საჭირო აღჭურვილობა. გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრმა „112“-მა წარმოადგინა ”GPS ტრეკერები“, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ტურისტებს, სატელიტური სისტემის საშუალებით, ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრით უზრუნველყოფს. „112“-ის ინოვაციური პროექტების შესახებ მონიტორზე წარმოდგენილია ანიმაციური ვიდეორგოლი”, – ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის პრესრელიზში.

 

პოლიციის დღეს ბათუმში - 30.05.14
პოლიციის დღეს ბათუმში – 30.05.14

 

შსს-ს არქივმა წარმოადგინა სამუზეუმო ექსპონატები – პოლიციელის ოთხი ისტორიული ფორმა; ასევე, არქივის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმები, გამოცემული ჟურნალები და წიგნები. ბათუმის ბულვარში იმართება სანახაობრივი წარმოდგენები: ვირტუალური ტირი, საპატრულო პოლიციის მოტოციკლებისა და ავტომანქანა „მინი კუპერი“-ს ტექნიკური შესაძლებლობების პრეზენტაცია, მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩვენება, სამაშველო, გასაბერი, საევაკუაციო ბალიშის გამოყენების დემონსტრირება. პოლიციის დღე ბენდ „ნიუტონის“ კონცერტით დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი