“მრავალეროვანი საქართველოს” ხელმძღვანელის, არნოლდ სტეფანიანის ინფორმაციით, დღეს დილით ვითარება გამწვავდა, რადგან ეთნიკური აზერბაიჯანელების ნაწილმა სვანეთიდან მიგრირებული ადამიანების სოფლების მიმართულებით მოინდომეს წასვლა, თუმცა, საბოლოო ჯამში, სიტუაციის დეესკალაცია მოხერხდა. 29 მაისს გარდაბანში დილიდან მობილიზებული იყო პოლიცია. მომიტინგეებს შეხვდა ქვემო ქართლის გუბერნატორიც, რომელმაც დამნაშავეების დასჯის პირობა დადო. ერთ-ერთმა გარდაბნელმა, რომელიც ადგილზე სიტუაციის განვითარებას დღეს დილიდან აკვირდება, “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ სიტუაციის განმუხტვაში გადამწყვეტი როლი იმ ადამიანებმა ითამაშეს, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობაში ნდობით და მაღალი ავტორიტეტით სარგებლობენ. მათ მომიტინგეებს უთხრეს, რომ სამართალდამცავი ორგანოების რეაგირებას დაელოდონ.
დღეს დილიდან “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა მომხდართან დაკავშირებით ურთიერთბრალდებები გაცვალეს. მაგალითად, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ გარდაბანში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირები დაუპირისპირდნენ, ხოლო “ქართულმა ოცნებამ” პროვოკაციაში “ნაციონალური მოძრაობა” დაადანაშაულა. არნოლდ სტეფანიანმა და ერთ-ერთმა გარდაბნელმა კი გვითხრეს, რომ ზემოხსენებულ დაპირისპირებასთან პოლიტიკას შეხება არ აქვს:
“ჩვენი ინფორმაციით, იქ პოლიტიკური დაპირისპირება არ ყოფილა და ეს თითიდან გამოწოვილი თემაა. გარდაბანთან ახლოს მდებარეობს ორი სოფელი (ლემშვენიერა და ლელაახში), საიდანაც სვანეთიდან მიგრირებული პირები ცხოვრობენ. იქ ყოფილა დიდი სუფრა გაშლილი, საიდანაც ორი ადამიანი წამოვიდა და მივიდა ერთ-ერთ სუპერმარკეტში გარდაბანში(ბენზინგასამართ სადგურ „სოკარის“ ტერიტორიაზე მდებარე მარკეტი), რომელიც 24 საათი მუშაობს. იქ მათსა და ადგილობრივ აზერბაიჯანელებს შორის გარკვეული პრობლემა შეიქმნა. ეს ორი ადამიანი უცემიათ. შემდეგ ისინი წავიდნენ თავიანთ სოფლებში და წამოიყვანეს მხარდამჭერები. ეს ორი აზერბაიჯანელი სუპერმარკეტში ვერ ნახეს და მივიდნენ იქვე ახლოს მდებარე ჩაიხანაში. იქ რამდენიმე კაცი იჯდა, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები, თუმცა ინციდენტის დროს არავითარი საუბარი არ ყოფილა პოლიტიკურ კუთვნილებაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ არ იცოდნენ მათი პოლიტიკური შემადგენლები. იმ ორი ადამიანიდან, რომლებიც ჩაიხანაში მივიდნენ, არც ერთი იყო რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. როგორც ამბობენ, ისინი ნასვამები იყვნენ. ერთ-ერთი თავდამსხმელის ნათესავია “ქართული ოცნების” წევრი, მაგრამ ამ ლოგიკით ძალიან ბევრის ნათესავია სხვადასხვა პარტიაში გაერთიანებული”, – ამბობს სტეფანიანი და დასძენს, რომ დაპირისპირება უკვე ჩაიხანაში მოხდა და სცემეს ის აზერბაიჯანული წარმოშობის ადამიანები, რომელთაც სუპერმარკეტის ინციდენტთან შეხება არ ჰქონიათ. სტეფანიანის ცნობით, ამის შემდეგ უკვე ჩაიხანაში ნაცემმა პირებმა გამოიყვანეს ხალხი გარდაბანში, აღმაშენებლის პროსპექტზე.

“იქ მივიდნენ სვანეთიდან ჩამოსახლებული პირების მხარდამჭერებიც და პოლიციამ მოახერხა ადამიანების გაშველება. პოლიციელებმა ჰაერშიც გაისროლეს სიტუაციის დასაწყნარებლად, შემდეგ უკვე ამათ – სვანეთიდან მიგრანტებს პოლიციელებიც უცემიათ. ბოლოს იქ მივიდა სპეცრაზმი და სიტუაცია დაწყნარდა”.
გარდაბანში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ეთნიკურმა აზერბაიჯანელმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მოსახლეობამ შეკრება დღეს დილიდან დაიწყო. მათ შეუერთდნენ იქვე ახლოს მდებარე სოფლებში მცხოვრები ადამიანები და, ჯამში, გარდაბნის ცენტრში თავი რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მოიყარა. არნოლდ სტეფანიანის თქმით კი, აქციის დროს ვითარებაც გამწვავდა:
“დღეს დილიდან გარდაბანში აზერბაიჯანელი მოსახლეობის მობილიზება დაიწყო. დაახლოებით 300-400 ადამიანი შეიკრიბა სხვადასხვა სოფლიდან და აპირებდნენ წასვლას იმ სოფლებში, სადაც ძირითადად სვანეთიდან ჩამოსახლებული მოსახლეობა ცხოვრობს… ნაწილი დაიძრა კიდეც, მაგრამ იქ მივიდა გუბერნატორი და პოლიციის შენაერთები. ადგილი ჰქონდა სიტუაციის პროვოცირებას და მისთვის სხვადასხვა ელფერის მიცემის მცდელობასაც, მათ შორის პოლიტიკური, ეთნიკური და რელიგიური… თავიდან აქტიურობდნენ ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი კადრები, საუბარია საარჩევნო ხმებისთვის სიტუაციის გამოყენებაზე, თუმცა მათი მხრიდან სიტუაციის გამწვევების მესიჯები არ წამოსულა, მათი ძირითადი მესიჯი იყო, რომ სისხლისღვრა არ დავუშვათ და ვიმუშაოთ პრესასთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან და ასე შემდეგ. შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც რელიგიურ ნიადაგზე ცდილობენენ ვითარების გამწვავებას. ერთ-ერთი მათგანმა, ვიდეოკადრშიცაა დაფიქსირებული, იგი მესიჯებს კითხულობდა ტელეფონით, შემდეგ ამოიღო დანა და მანქანით დაიწყო სიარული შეძახილით: ალაჰ აკბარ. მას პოლიცია გაეკიდა. არ ვიცი, დააკავეს თუ არა. კარგი ის არის, რომ იქ შეკრებილი საზოგადოება მას არ გაჰყვა. გუბერნატორი და პოლიცია მათ დაპირდა, რომ დამნაშავეებს და ინციდენტების მაპროვოცირებელ ადამიანებს დააკავებენ”, – განაცხადა სტეფანიანმა.
ამ დროისთვის გარდაბანში სიმშვიდეა. ეთნოსთაშორისი ურთიერთობების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და იუსტიციის მინისტრმა მიმართვებიც გაავრცელეს:
“მივმართავთ სამართალდამცავ სტრუქტურებს, დროულად მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა ფაქტი ოპერატიულად იქნას გამოძიებული და გატარდეს კანონით განსაზღვრული სანქციები დამნაშავე პირების მიმართ. გარდა ამისა, მოვუწოდებთ ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების აქტივისტებს, სიფრთხილით მოეკიდონ შექმნილ ვითარებას და თავი შეიკავონ ინციდენტში ჩარევისაგან პოლიტიკური ქულების მოპოვების მიზნით. ასევე გარდაბნის მოსახლეობას მოვუწოდებთ სიმშვიდისაკენ და რომ თავიანთი ქვემდებებით არ შეაფერხონ შესაბამისი სტრუქტურების მუშაობა. ამას გარდა, მივმართავთ მედიას, რათა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ფარგლებში იმოქმედონ”, – ნათქვამია საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) და ეთნოსთაშორისი თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის, ასევე, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის ერთობლივ განცხადებაში.
მსგავსი ტიპის დაპირისპირებების განმუხტვის თაობაზე არნოლდ სტეფანიანის რეკომენდაცია ასეთია:
“ქვემო ქართლი იმდენად მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური რეგიონია, რომ განსკაუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ყველამ. ხელისუფლებამაც, საზოგადოებამაც, მედიამაც… მედიას ძალიან დიდი როლი აქვს. კარგი იქნება, რომ პრევენციაზე ვიმუშაოთ. ჩვენ მხოლოდ მეხანძრეების როლს ვთამაშობთ ხოლმე, ვგულისხმობ სამოქალაქო საზოგადოებასაც და ხელისუფლებასაც. მე მგონია, რომ უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ პრევენციაზე”, – ამბობს სტეფანიანი.



პოლიციამ გარდაბანში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის მუხლით აღძრა, თუმცა ჯერ არავინ დაუკავებიათ. ერთ-ერთმა გარდაბნელმა, ეთნიკურად აზერბაიჯანელმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ზემოხსენებულ მხარეებს შორის ეს დაპირისპირების პირველი ფაქტი არ არის და ჩხუბს ადგილი რამდენიმე წლის წინაც ჰქონდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანიც დააკავეს, თუმცა ის ამბავი მაშინ არ გახმაურებულა.







