პარლამენტმა პირველი მოსმენით 97 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღო კანონპროექტი “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები.”
როგორც კანონპროექტის ინიციატორი შალვა შავგულიძე აღნიშნავს, ფარული მოსმენა განზრახ, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში იქნება დასაშვები:
“ფარული მიყურადება უნდა განხორციელდეს მაშინ, თუ ეს წარმოადგენს აუცილებელ, შესაბამის და პროპორციულ საშუალებას ლეგიტიმური მიზნების მიღწევისთვის. ასეთი ლეგიტიმური მიზნებია ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, უწესრიგობის და დანაშაულის თავიდან აცილება და ა.შ. გარდა ამისა, აქამდე არ იყო განსაზღვრული დანაშაულთა კატეგორიები, რა შემთხვევაში შეიძლებოდა ფარული ღონისძიებების განხორციელება, ახლა კი ეს განისაზღვრა.”
ცვლილებების მიხედვით, განისაზღვრება ის წრე, ვის მიმართაც შესაძლებელია ფარული მოსმენა განხორციელდეს. შავგულიძის განმარტებით, ეს დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირია, ან პირი, რომელსაც პირდაპირ კავშირში მყოფი პირი იყენებს კომუნიკაციის განსახორციელებლად.
“პროკურატურის შუამდგომლობაშიც და მოსამართლის განჩინებაშიც იყოს დასაბუთებული, რომ ფარული მიყურადება წარმოადგენს უკიდურეს საშუალებას მიზნის მიღწევისთვის. გარდა ამისა, დაცული უნდა იქნას შეტყობინების პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ პირს, რომლის მიმართაც ფარული ღონისძიება განხორციელდება, ოდესმე ამის შესახებ უნდა ეცნობოს და გასაჩივრების უფლებაც განემარტოს მას.”
დეპუტატის თქმით, საჭიროა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილების გაზრდა და ის არა მთავრობის, არამედ პარლამენტის მიერ უნდა იქნას არჩეული.







