ახალი ამბები

ფიზიკური დაპირისპირება გარდაბანში ახალგაზრდებს შორის – ენმ ფაქტის გამოძიებას მოითხოვს

29 მაისი, 2014 •
ფიზიკური დაპირისპირება გარდაბანში ახალგაზრდებს შორის – ენმ ფაქტის გამოძიებას მოითხოვს

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაბანში მომხდარ ჩხუბში, ჯამში, რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა. შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ საქმე ხულიგნობის მუხლითაა აღძრული.

 

გიგი უგულავა
გიგი უგულავა

“ეს ხალხი [თავდამსხმელები] დაკავშირებულია “ქართული ოცნების” პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლებთან. ეს თავდასხმა აშკარად ატარებდა პოლიტიკურ ხასიათს. ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ პოლიტიკური ოპონენტის მიმართ გუშინ გარდაბანში გამოყენებული იყო ის ტერმინოლოგია, რომელიც საქართველომ ადრეულ 1990-იან წლებში დატოვა. მათი წარმომადგენლების მხრიდან გუშინ ჩვენ უხვად ვიხილეთ პოლიტიკურთან ერთად ეთნიკური შეურაცხმყოფელი ტერმინებიც. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ეს საქმე უსწრაფესად იქნეს გამოძიებული და არა ისე, როგორც უკვე შევეჩვიეთ”, – განაცხადა უგულავამ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ინციდენტი ერთ-ერთი ჩაიხანაში მოხდა, თუმცა დაკავებული არავინაა:

 

“ჩხუბი მოხდა შელაპარაკების ნიადაგზე. ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, ეს გახლავთ ხულიგნობა. ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არის, არც საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირვებია ვინმეს”, – აცხადებენ შსს-ში. ნეტგაზეთის კითხვას, შეესაბამება თუ არა უგულავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს იმის თაობაზე, რომ კონფლიქტში ეთნიკური კომპონენტი არსებობდა, უწყებაში უპასუხეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და მისი გამომწვევი მიზეზები დგინდება.

 

გარდაბნის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ამბაკო ავალიანმა რუსთავი 2-თან საუბარში კონფლიქტის პროვოცირებაში ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი დაადანაშაულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი