“ძველი თბილისის კულტურული მემკვიდრეობა იქნება თბილისის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა, შემუშავდება ძველი თბილისის რეაბილიტაციის კომპლექსური გეგმა, რომელიც მოიცავს რესტავრაციის კონკრეტულ სქემას. ამისთვის გაანალიზდება შენობების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის საკითხი, რაზე დაყრდნობითაც განხორციელდება რეაბილიტაციის პროცესი ისე, რომ, ერთი მხრივ, შენარჩუნდეს ძველი ქალაქის იერსახე (ავთენტურობა) და, მეორე მხრივ, გათვალისწინებულ იქნეს საზოგადოების თანამედროვე საჭიროებები. მოხდება საჯარო-კერძო პარტნიორობის (PPP) ფორმების გამოყენება, რომლის მიხედვითაც, მერია უზრუნველყოფს ინვესტორებს საჯარო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებითა და კომუნიკაციების მიყვანით. ხოლო ინვესტორები მერიასთან შეთანხმებული პირობებით მოახდენენ რეაბილიტაციას”, – ამბობს დავით ნარმანია კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატი.
კახა კუკავას თქმით კი, ბოლო რამდენიმე წელია მიმდინარეობს „შეტევა“ თბილისის ისტორიულად ძველ ნაწილზე და ირღვევა მისი იერსახე:
“რატომღაც, როგორც წინა, ისევე დღევანდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების არქიტექტურული ფანტაზიების განხორციელების ადგილად იქცა სწორედ თბილისის ძველი უბნები და მიმდინარეობს შეჯიბრი, ვინ უფრო „დაატყობს“ თავის ხელს ჩვენი დედაქალაქის უძველეს ნაწილს, რომელიც მის სავიზიტო ბარათს და მთავარ კულტურულ ღირებულებას წარმოადგენს. ჩვენ ვპირდებით თბილისელებს, რომ საბოლოოდ მოეღება ბოლო და კატეგორიულად აიკრძალება უხეში ჩარევა დედაქალაქის ძველ ნაწილში. ამ მიზნით კანონმდებლობის შესაბამისად მოხდება ქალაქმშენებლობით-სამეურნეო და სხვა საქმიანობის შეზღუდვა ქალაქის ისტორიულ ნაწილში; ისტორიულ ნაწილში ისტორიული დასახლების, მისი ურბანისტული ძეგლებისა და ისტორიული გარემოს დაცვის მიზნით შემუშავდება ისტორიული დასახლების გენერალური გეგმა; მკაცრად იქნება დაცული კანონმდებლობა და არ გაიცემა ნებართვა ურბანისტული ძეგლის გარემოსთვის მიუღებელ მშენებლობებზე, იმ განაშენიანებებზე და ცალკეული შენობა-ნაგებობების აგებაზე, რომლებიც არღვევს დასახლების ისტორიულად ჩამოყალიბებულ სტრუქტურას და სივრცობრივ ორგანიზაციას, ზღუდავს ურბანისტული ძეგლებისა და ისტორიული გარემოს აღქმის პირობებს, საფრთხეს უქმნის მის შენარჩუნებას; გარკვეული კორექტივების შეტანის შემდეგ გაგრძელდება პროგრამა „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“, – აღნიშნავს კუკავა.
დიმიტრი ლორთქიფანიძე კი ამბობს, რომ თბილისის ისტორიული ცენტრი მთლიანობაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და მისი იერსახის დამახინჯება პირდაპირ შეიძლება გაუტოლდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურების მცდელობას.
“ცხადია, სიახლის გარეშე ქალაქი ვერ განვითარდება, მაგრამ ძველი ქალაქის ქსოვილში გაუაზრებელი არქიტექტურული ექსპერიმენტების ხანა უნდა დასრულდეს. მიზანშეწონილად მიგვაჩნია ახალი არქიტექტურის ნიმუშების ქალაქის ცენტრიდან გარეუბნებში გადატანა, რომელთაც ახალი კულტურული კერების გაჩენა უთუოდ გამოაცოცხლებს. თბილისის მერიისა და საკრებულოს პრიორიტეტულ ამოცანად უნდა იქცეს ისტორიული ცენტრის რეაბილიტაცია იქ მცხოვრებ მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით’, – აღნიშნავს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ნიკა მელია კი ამ საკითხზე საუბრისას მხოლოდ ამ განცხადებით შემოიფარგლა: “თბილისისთვის მნიშვნელოვანია ისტორიული იერსახის შენარჩუნება, “ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ რეკონსტრუქციული სამუშაოების ჩატარებას, რათა არ შევცვალოთ ძველი შენობების პირვანდელი იერსახე და გადავარჩინოთ ისინი დანგრევას”.
“თუ მათი აღდგენა შესაძლებელია, მოხდება მათი რეაბილიტაცია, სხვა შემთხვევაში აშენდება ახალი, ანალოგიური არქიტექტურით. ზოგადად ქალაქში მშენებლობების საკითხს გადაწყვეტს არქიტექტორთა და ურბანისტთა სპეციალური კომისია’, – ასეთია ლეიბორისტების კანდიდატის, ასმათ ტყაბლაძის ხედვა. მიხეილ-გელა სალუაშვილი კი კომპეტენტური კადრების მოძიებაზე აკეთებს აქცენტს:
“ქალაქის ისტორიული იერსახის შენარჩუნება მართებული ურბანული პოლიტიკის წარმართვის შემთხვევაშია შესაძლებელი. შესაბამისად, ამ სფეროში კომპეტენტური კადრების ჩაბმა ხსენებული მიზნის მიღწევის უმოკლეს გზას წარმოადგენს”, – აღნიშნავს სალუაშვილი.