ახალი ამბები

პრეზიდენტმა და პატრიარქმა საჩუქრები გაცვალეს [ფოტო/ვიდეო]

27 მაისი, 2014 • • 1612
პრეზიდენტმა და პატრიარქმა საჩუქრები გაცვალეს [ფოტო/ვიდეო]

დღესვე მარგველაშვილი ილია მეორესთან ერთად პატრიარქის აღსაყდრების ამსახველ ფილმის ჩვენებასაც დაესწრო, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებით, ფირიდან ციფრულ ფორმატში გადაიტანეს.


პრეზიდენტი, მაკა ჩიჩუა და ილია მეორე – 27.05.14
პრეზიდენტი, მაკა ჩიჩუა და ილია მეორე – 27.05.14

 

„გამოფენა ეძღვნება რელიგიურ თემას. თქვენ აქ ხედავთ როგორც თანამედროვე ფერწერას რელიგიურ თემაზე, ისე უნიკალური ფრესკების ასლებს. საინტერესოა, რომ კათოლიკოს-პატრიარქის იდეით ჩვენ ამ ასლებს გადავცემთ ახალგაზრდულ ცენტრს. ასევე, ჩვენ მოვაწყეთ კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციის შესახებ 1977 წელს გადაღებული ფილმის ჩვენება, რომელიც ჩვენი ინიციატივით, ფირიდან ციფრულ ფორმატზე გადაიტანეს. ამ ფილმსაც საპატრიარქოს გადავცემთ და იმედი მაქვს, მაყურებელიც იხილავს მას“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა აბაშიძემ ნეტაზეთს უთხრა, რომ ადმინისტრაციას ზემოხსენებული დოკუმენტური ფილმის ციფრულ ხარისხში გადაყვანა დაახლოებით 6–7 ათასი ლარი დაუჯდა. მისივე თქმით, ეს ყველაფერი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით განხორციელდა და მათთვის საპატრიარქოს არ მიუმართავს თხოვნით. კითხვას, რატომ გაუჩნდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას რელიგიური ლიდერის შესახებ გადაღებული ფილმის ციფრულ ხარისხში გადაყვანის სურვილი, მან უპასუხა, რომ “მათთვის პატრიარქის გახარება ძალიან დიდი ბედნიერებაა”. ხოლო კითხვას, დაუფინანსებენ თუ არა მსგავს პროექტებს რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს, უპასუხა, რომ ასეთი რამ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია.


ღონისძიების დასრულების შემდეგ ილია მეორემ მარგველაშვილს წმინდა გიორგის ხატი აჩუქა, საქართველოს პრეზიდენტმა კი პატრიარქს უნიკალური ჯიშის არყის ხე უსახსოვრა.


არყის ხე/პრეიდენტის საჩუქარი ილია მეორეს
არყის ხე/პრეიდენტის საჩუქარი ილია მეორეს


გამოფენაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხუროთმოძღვრების ძეგლებიდან სააღდგომო თემატიკაზე შექმნილი ქართული კედლის მხატვრობის 50-მდე ნამუშევარი და ფერწერული ტილოა წარმოდგენილი. ფერწერული ტილოების ავტორები ირაკლი ფარჯიანი და მერაბ აბრამიშვილი არიან. გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, მარიკა ლორთქიფანიძე, ასევე, კულტურის მუშაკები, მათ შორის გოგა ხაინდრავა და კახი კავსაძე. გამოფენა 29 მაისს დაიხურება, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. 28-29 მაისს ექსპოზიციის ნახვა 12-დან 20 საათამდე ნებისმიერ მსურველს შეეძლება.


მასალების გადაბეჭდვის წესი