

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულ სოფელს, სადაც 52 ოჯახი ცხოვრობს, დღეიდან პირველად მიეწოდება ელექტროენერგია. ირაკლი ღარიბაშვილმა ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან ერთად სოფლის ერთ-ერთი მცხოვრების, ზაურ ახვლედიანის ოჯახში სიმბოლურად ელექტრონათურა თავად აანთო. სოფელ ბევრეთის ელექტრიფიცირება სამთავრობო პროექტის – „სინათლე ყველა სოფელს“ ფარგლებში განხორციელდა.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, სოფელში ელექტრიფიკაციისთვის საჭირო სამუშაოები, რომლისთვისც 233 ათასი ლარი დაიხარჯა, “ენერგო პრო ჯორჯიამ” განახორციელა.
კახა კალაძის თქმით, 2013 წლის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით 28 უშუქო სოფელი არსებობდა, რომელთაგან რვას ელექტროენერგია უკვე მიეწოდება. უშუქო სოფლების ელექტრიფიცირება 2015 წლის ბოლოს დასრულდება.
ბევრეთის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ ბულაჩაურს ესტუმრა და სამელიორაციო სისტემის სათავე ნაგებობის მშენებლობა დაათვალიერა. სოფელ ბულაჩაურის სამელიორაციო სისტემისსარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „მამისონი“ ასრულებს. პროექტი, რომლის ღირებულება 6 365 000 ლარია, უახლოეს მომავალში დასრულდება.
დღესვე, 17:00 საათზე მცხეთაში პრემიერ-მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის “ქართული ოცნების” კანდიდატებს წარადგენს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში.
წინასაარჩევნო რეგიონული ტურნეს ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი უკვე იმყოფებოდა იმერეთში, შიდა ქართლში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში, სადაც ასევე საარჩევნო კანდიდატები წარადგინა.







