ახალი ამბები

ჯერ არჩევნებში საბოლოოდ არ გაგვიმარჯვია და რამხელა ნაბიჯებზე უწევს “ოცნებას” წასვლა – ვაშაძე

19 ნოემბერი, 2018 • 1807
ჯერ არჩევნებში საბოლოოდ არ გაგვიმარჯვია და რამხელა ნაბიჯებზე უწევს “ოცნებას” წასვლა – ვაშაძე

“თუ გვინდა, რომ ეს, რაც დღეს იყო ნათქვამი, მართლაც შესრულდეს, ამისთვის აუცილებელია, რომ გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვოს არჩევნებში”, – ეს განცხადება გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა “შავ სიაში” მყოფი მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერის სამთავრობო ინიციატივის კომენტირებისას.

“დიდი ხანია [ჩვენ] მსგავსი ინიციატივა გვაქვს და ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკა გაჩერებულია, რადგან ის, ვინც ეკონომიკურად აქტიური უნდა იყოს, ვინც უნდა შექმნას ეკონომიკა, არასწორი სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე გაკოტრებულია, სამწუხაროდ, ვალშია და ვეღარც სამუშაო ადგილს ქმნის და ვეღარც ეკონომიკას. მეორე, ჩვენ კონკრეტული შეთავაზებები გვაქვს ამ მიმართლებით, რომელსაც იცნობთ.

მესამე, წარმოიდგინეთ, ჯერ კიდევ არჩევნებში გამარჯვება საბოლოოდ მოპოვებული არ გვაქვს და რამხელა ნაბიჯებზე უწევს ქართულ ოცნებას წასვლა. ეს არის პრინციპი: თუ გვინდა, რომ ეს, რაც დღეს იყო ნათქვამი, მართლაც შესრულდეს, ამისთვის აუცილებელია, რომ გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვოს არჩევნებში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 19 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნახევარ მილიონზე მეტ მოქალაქეს ვალებს ჩამოაწერენ.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, 700 000  მოქალაქე იმყოფება ე.წ. შავ სიაში და სრულფასოვანი ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობას მოკლებულია. პრემიერის თქმით, მიმდინარეობდა ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები როგორც საბანკო, ასევე, არასაბანკო სექტორთან და მათმა უდიდესმა ნაწილმა, მათ შორის, სესხების ამომღებმა ბიუროებმა,“გამოიჩინეს სოციალური პასუხისმგებლობა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი