ახალი ამბები

26 მაისი თბილისში [photo]

26 მაისი, 2014 • • 2170
26 მაისი თბილისში [photo]

რუსთაველის გამზირზე მოეწყო სამხედრო ტექნიკის, შეიარაღების და აღჭურვილობის გამოფენა. სხვადასხვა სამინისტროებმა კი საკუთარი სტენდები განათავსეს, სადაც მათი მუშაობის შესახებ ინფორმაციის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო.

 

 

 

 

 

რაც შეეხბე დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ოფიციალურ ნაწილს, ის 15:00 საათზე დაიწყო, როდესაც მოედნის თავზე სამმა იროკეზის ტიპის სამმა ვერტმფრენმა გადაიფრინა და სახელმწიფო დროშა გაშალა.

ამის შემდეგ საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს პატაკი გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ–მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ჩააბარა, საზეიმო ღონისძიება კი ფიცის მიღების ცერემონიით გაგრძელდა. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის პირადი შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურეებმა ქვეყნის და ერის წინაშე სამხედრო ფიცი დადეს.

მას შემდეგ, რაც შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას, საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიულოცეს.


 

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ყველა მოქალაქეს იმისათვის, რომ მათ მონაწილეობა მიიღეს 1991 წლის 31 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმში და დამოუკიდებლობის აღდგენაში. პრეზიდენტმა განსაკუთრებით გამოყო მავთულხლართებს მიღმა მცხოვრები მოქალაქეები:

“მინდა ვუთხრა მათ, რომ ის ემოცია, რომელიც 23 წლის წინ გვქონდა, არც ერთი წამით არ შენელდება და საქართველოს განვითარდება როგორც დემოკრატიული, დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფო. ამ ნებას – ვიცხოვროთ ერთიან, მთლიან სახელმწიფოში ახალი ძალით შევასხამთ ხორცს და ამ მიმართულებით სვლას არც ერთი წამით არ შევაჩერებთ. დამოუკიდებლობა ის ქვაკუთხედია, რომელზეც ქვეყნის სახელმწიფოებრიობა შენდება და ის, რაც 23 წლის წინათ ერთად გავაკეთეთ, დღეს ჯერ კიდევ მყიფეა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

მისივე თქმით, ქვეყნის თავისუფლება არის ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული მოქალაქის თავისუფლებათა ჯამი:

 

“თავისუფალია ქვეყანა, რომლის მოქალაქენიც თავისუფალნი არიან. ეს კი ნიშნავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა თავისუფლებებს. ეს ნიშნავს გამოხატვის თავისუფლებას, ეს ნიშნავს სიტყვის თავისუფლებას, ეს ნიშნავს მედიის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას, ეს ნიშნავს რწმენის არჩევისა და მისი აღსრულების თავისუფლებას; ეს ნიშნავს შრომის, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებას, ეს ნიშნავს უფლებას არა თუ არ იყო დაჩაგრული რაიმე ნიშნით, არამედ იყო დაცული”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს შეიარაღებულ ძალების ჯარისკაცებს, ასევე ვეტერანებს. პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებით გამოყო საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ჯარისკაცები:

 

“მინდა განსაკუთრებულად მივესალმო  და მივულოცო 26 მაისი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ჩვენს სამხედროებს, რომლებსაც ახლა ყველაზე საპატიო მისია აკისრიათ –  ისინი საქართველოს  სახელმწიფოს და ჩვენი შვილების მომავალს იცავენ უცხო მიწაზე. ჩვენი გმირი სამხედროების განსაკუთრებულ თავდადებასა და ბრძოლისუნარიანობას ყველა ერთხმად აღიარებს მთელ მსოფლიოში. და ჩვენ ეს ძალიან გვეამაყება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

“26 მაისი რაც უფრო დრო გადის უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან უფრო და უფრო ხორცს ისხამს საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა, თუმცა პრობლემებიც მატულობს. დღევანდელ დღეს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თავისი სამშობლო, ჩვენი ერის წარსული, ჩვენო ოჯახების, შვილების მომავალი და ვუსურვებ თავისუფლებას, რაზეც დღეს პრეზიდენტმა ბევრი ისაუბრა”, – განაცხადა ცერემონიაზე მისულმა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.

ცერემონიის ოფიციალური ნაწილი კვლავ იროკეზის ტიპის ვერტმფრენების გადაფრენით დასრულდა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი