ახალი ამბები

“ოცნებამ” რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დაითხოვა

26 მაისი, 2014 •
“ოცნებამ” რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დაითხოვა

საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ იგი ერთგულია მშვიდ და თავისუფალ  გარემოში წინაარჩევნო  კამპანიის ჩატარების  პრინციპისა. “ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ არეულობასა და ძალადობას, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად  ასეთი შემთხვევები გამოწვეულია პოლიტიკური ოპონენტების პროვოკაციული ქმედებებით”,- აცხადებს კოალიცია.

 

“ქართული ოცნება” დღეს გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ ოპონენტების პროვოკაციული ქმედებები მიზნად ისახავს წინასაარჩევნო გარემოს გაუარესებას, ხოლო თავის მხარდამჭერებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს, რათა ხელი შეუწყონ  წინასაარჩევნო კამპანიის მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში წარმართვას.

 

24 მაისს რუსთავში “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება იმ დროს მოხდა , როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის მერობის კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი ბრიფინგის გამართვასა და რუსთავში შეჩერებულ პროექტებზე საუბარს გეგმავდა.

 

ქართული ოცნება
ქართული ოცნება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის ოფისთან “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრები მივიდნენ. აქციის მონაწილეებს ხელში ცოცხები ეჭირათ და ნაცმოძრაობის წრმომადგენლების მისამართით სკანდირებდნენ: “მკვლელებო”

დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონფლიქტი პოლიციამ განმუხტა. ქართული ოცნება აცხადებს, რომ აღნიშნული დაპირისპირების გამო რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი