ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ჩვენი ვალია, დავიცვათ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა

26 მაისი, 2014 • • 1970
ღარიბაშვილი:  ჩვენი ვალია, დავიცვათ ჩვენი სამშობლოს  დამოუკიდებლობა

“26 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოსთვის. მთელი ჩვენი ისტორია ჩვენი დიდი წინაპრების თავგანწირული და ერთგული ბრძოლაა სამშობლოსთვის. საუკუნეების განმავლობაში  სამშობლოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა იყო ის მთავარი იდეა და საყრდენი, რაზეც იდგა ქართველი ერი. თაობიდან თაობას გადაეცემოდა დამოუკიდებლობის მოპოვებისა და სამშობლოს გათავისუფლების იდეა. ამ იდეისთვის იბრძოდნენ სამშობლოსთვის თავდადებული გმირები  და მათ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია – 96 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, ასრულდა  ყველა ქართველის სანუკვარი ოცნება და ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 2014. წლის 16 იანვარი. ფოტო:  EPA/ზურაბ ქურციკიძე
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 2014. წლის 16 იანვარი. ფოტო: EPA/ზურაბ ქურციკიძე

პრემიერ–მინისტრის შეფასებით დღევანდელი 26 მაისი განსაკუთრებულია:


“ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ახალი იმედებით ვხვდებით. სულ მალე ჩვენ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს გადავდგამთ ევროპასთან დაახლოების გზაზე – ზუსტად ერთ თვეში ხელს მოვაწერთ და გავხდებით ევროკავშირის ასოცირებული წევრი. მე მჯერა, რომ საქართველო, როგორც თანასწორუფლებიანი სახელმწიფო, თავისი კულტურული, ისტორიული და პოლიტიკური თვალსაზრისით, ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს საერთოევროპულ ოჯახში. ჩვენ ყველანი მონაწილე ვართ იმ  ისტორიული პროცესებისა, რომლებიც სინამდვილედ აქცევს ჩვენი დიდი წინაპრების, ჩვენი ხალხის სანუკვარ ოცნებას. საქართველო უახლოვდება ევროპულ სივრცეს და ეს პროცესი შეუქცევადია. საქართველო დიდი კულტურისა და დიდი ტრადიციების ქვეყანაა. ჩვენმა ტოლერანტობამ, კაცთმოყვარეობამ და სამშობლოს სიყვარულმა, მისთვის თავდადების უნარმა შეგვინარჩუნა ქვეყანა. ეს ის ძალა იყო, რამაც გადაარჩინა საქართველო და სწორედ ეს ძალა დააყენებს ახლაც ჩვენს ქვეყანას ფეხზე. ჩვენი ქვეყნის განვითარება პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიკეთესთან ერთად, თითოეული ადამიანის ცხოვრებაზეც სასიკეთოდ აისახება. მჯერა, სწორედ ასე შემოვაბრუნებთ ჩვენს ოს და აფხაზ ძმებს ჩვენკენ და აუცილებლად დადგება დღე, როცა ჩვენ ისევ  ვილაპარაკებთ ერთ ენაზე, ისევ ვიცხოვრებთ გამთლიანებულ და ძლიერ საქართველოში, ჩვენს საერთო სამშობლოში! ” 


საქრთველოს პრემიერ–მინისტრმა მოახლოებელ თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა: 


 

“მოახლოებული არჩევნები ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთ შანსს აძლევს გადადგას ნაბიჯი წინ, დემოკრატიისკენ. ეს არჩევნები თითოეულ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას  გაითავისოს, რომ ეს ქვეყანა მისია და თავად უნდა უპატრონოს მას. მე ბევრს დავდივარ რეგიონებში და სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ხალხს უნდა ჰქონდეს რეალური ძალაუფლება, ხალხმა თავად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს საკუთარი სოფლის, რაიონის, რეგიონის და, საბოლოოდ, ქვეყნის ბედი. მხოლოდ ასე, ყველა ერთად, შევძლებთ მოვუაროთ და მოვუფრთხილდეთ იმ მონაპოვარს, რომელიც ჩვენს ხალხს, სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს თავგანწირვისა და სიცოცხლის ფასად დაუჯდათ. ჩვენი ვალია, დავიცვათ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა და მომავალ თაობებს დავუტოვოთ თავისუფალი, დემოკრატიული და წელგამართული ქვეყანა.” 




მასალების გადაბეჭდვის წესი