ახალი ამბები

შსს-მ ორი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული პირი დააკავა

26 მაისი, 2014 • • 1059
შსს-მ ორი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა კონსტანტინე ლ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს.

 

გამოძიების ინფორმაციით, კონსტანტინე ლ-ს თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე, შელაპარაკება მოუვიდა 1969 წელს დაბადებულ გიორგი ჯ-სთან და 1993 წელს დაბადებულ ნიკოლოზ ი-სთან, რა დროსაც ორივეს ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში ჭრილობები მიაყენა.

 

პოლიციის ცნობით, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა, რა დროსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა იგი ადგილზევე დააკავეს. ნიკოლოზ ი. და გიორგი ჯ. გადაყვანილი არიან საავადმყოფოში და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 

შსს აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).

მასალების გადაბეჭდვის წესი