საზოგადოება

ტოლერანტობის დღე თბილისში

24 ნოემბერი, 2011 • 2589
ტოლერანტობის დღე თბილისში
ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა სახალხო დამცველმა  24 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო “შერატონში”. ტოლერანტობის კუთხით საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ მოხსენების წაკითხვის შემდეგ, ომბუდსმენმა სპეციალურ კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტები დააჯილდოვა და გამოავლინა “ტოლერანტობის ქომაგი” ორგანიზაციები და ადამიანები.

ჟურნალისტურ კონკურსში ”ტოლერანტობა და მრავალფეროვნება”  პირველი ადგილის მფლობელი გახდა ლელა დუმბაძე  გაზეთი „ბათუმელებიდან“ – სტატია „რა არის ნაციონალური ფუნდამენტალიზმი“; მეორე ადგილი წილად ხვად ლევან სუთიძეს („ტაბულა“) – სტატია „ნახევარმთვარის მოტაცება“, ხოლო  მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ  –  სალომე უგულავა და ლევან სუთიძე („ტაბულა“) – სტატია “დეპორტირებული მესხები: ფერგანამდე და უკან”. საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტისთვის პრიზი გადაეცა ახალციხის ტელეკომპანია მე–9 არხის ჟურნალისტებს – რუსუდან გვარამაძეს და სერგეი ფიდანიანს სიუჟეტისთვის მაჰმადიანი მესხების შესახებ.

სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა, ტრადიციულად, დააჯილდოვეს „ტოლერანტობის ქომაგები“ – ის პიროვნებები, ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებმაც საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.აღნიშნული ჯილდო მიიღო “ნეტგაზეთმაც”. “ნეტგაზეთის” გარდა “ტოლერანტობის ქომაგის” სტატუსი მენიჭათ: ჟურნალისტ ნინია კაკაბაძეს, თეოლოგ ბასილ კობახიძეს, გაზეთს “მრავალეროვანი საქართველო”, ასევე “კოალიციას ევროპული საქართველოსთვის” და ფონდ “ალპეს.”

ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლები, ისე საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებების სასულიერო პირები. ღონისძიებაზე იმყოფებოდა თბილისის მერი გიგი უგულავა.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო.

დაჯილდოვების გარდა, ღონისძიებაზე, სახალხო დამცველის ოფისთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა საზოგადოებას ახალი ვებგვერდი tolerantoba.ge წარუდგინა. გვერდის მიზანია საქართველოში ტოლერანტობის კულტურის საინფორმაციო, შემეცნებით–საგანმანათლებლო და სამართლებრივი მხარდაჭერა; ასევე სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისა და რელიგიათა და ეთნიკური უმცირესობების საბჭოების საქმიანობის საიფორმაციო მხარდაჭერა და პოპულარიზაცია.

ღონისძიების დაწყებისთანავე გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკმა ჟურნალისტებს განუცხადა: ”ჩვენი მიზანი არის, რომ ავაშენოთ საქართველოში უფრო დემოკრატიული, უფრო წინწასული ქვეყანა, სადაც ყველა პრინციპი, ყველა ადამიანის უფლება იქნება დაცული. დაცული იქნება ყველა სოციალური ჯგუფის უფლება, იქნება ეს რელიგიური, ეთნიკური უმცირესობები, ის ადამიანები, ვისაც აქვთ აივ ინფექცია, შეზღუდული შესაძლებლობები და ა.შ. ამ მხრივ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მაგრამ ჯერ კიდევ არის რამდენიმე სფერო, რასაც ჩვენ, გაერომ, საქართველოს სახალხო დამცველთან ერთად, მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ.

სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა საზოგადოებას წარუდგინა მოკლე მოხსენება 2011 წელს საქართველოში ტოლერანტობის კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ამ მხრივ მიღწეული პროგრესი შეაფასა, ასევე გამოყო პრობლემური საკითხებიც.

ომბუდსმენის თქმით, მსოფლიო ვერ იქნება უსაფრთხო, თუ რომელიმე, თუნდაც მცირე ქვეყნის შიგნით, ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი, გენდერული, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის, პოლიტიკური შეხედულებების ან რაიმე სხვა ნიშნით ხორციელდება დისკრიმინაცია.

გიორგი ტუღუშმა ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტის მიერ რელიგიური გაერთიანებების სტატუსთან დაკავშირებით 2011 წლის ზაფხულში მიღებულ კანონს და მას წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა.

“მინდა აღვნიშნო, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ინტენსიური დისკუსიები სახალო დამცველთან არსებულ რელიგიურ გაერთიანებათა საბჭოში, მათ შორის, საპატრიარქოს კოორდინაციით გამართულ ფორუმებზეც, მაგრამ საკანონმდებლო ცვლილებას პირველ ეტაპზე შეუწყნარებლობისა და ქსენოფობიის ესკალაცია მაინც მოჰყვა. როგორც მართლმადიდებელი სასულიერო პირების, ისე პოლიტიკოსების და საზოგადო მოღვაწეების მხრიდან, უხვად გაკეთდა ქსენოფობური, უფრო ზუსტად კი, არმენოფობიური განცხადებები,” – განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

მისივე აზრით, შეუწყნარებლობისა და ქსენოფობიის ამ გამოვლინებებს უფლებადაცვითი ორგანიზაციების მხრიდან თითქმის არ მოჰყოლია მასშტაბური და ორგანიზებული პროტესტი, პოლიტიკური პარტიები და მედიასაშუალებების დიდი ნაწილი კი თავად ავრცელებდა ქსენოფობიასა და შეუწყნარებლობას.

ომბუდსმენის თქმით, შეუწყნარებლობისა და ქსენოფობური განწყობის ჩაცხრობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის “ისტორიულმა დადგენილებამ.”

“ამ დადგენილებით სინოდმა მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღიარა, რომ ადამიანები და რელიგიური გაერთიანებები თანასწორნი არიან კანონის წინაშე,” – თქვა გიორგი ტუღუშმა.

ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ რელიგიური გაერთიანებები ვერ იბრუნებენ მათთვის საბჭოთა ეპოქაში წართმეულ კერძო საკუთრებას და ამ მხრივ სახალხო დამცველის აქტიურობას, ჯერჯერობით, არანაირი შედეგი არა აქვს. ასევე პრობლემად რჩება სკოლებში სხვადასხვა აღმსარებლობის ბავშვების იძულებით ჩართვა მართლმადიდებლურ რელიგიურ რიტუალებში და რელიგიური ნივთების არააკადემიური მიზნებით გამოყენება.

ომბუდსმენის ინფორმაციით, 2011 წელს წინა წელთან შედარებით იკლო შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილმა დანაშაულმა, ასევე რელიგიურად მოტივირებულმა დანაშაულმა. გარდა ამისა, 2011 წლამდე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მართლმადიდებელი სასულიერო პირების ნებართვის გარეშე სხვა სასულიერო პირების შესვლა არ შეიძლებოდა, წელს კი ეს პრობლემა მოიხსნა.

უმცირესობების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის გზაზე, გიორგი ტუღუშს, წინგადადგმულ ნაბიჯად მიაჩნია არაქართულენოვან სკოლებში ქართულის ენის გაკვეთილების საათების დამატება, თბილისი-წალკა-ახალქალაქის გზის მშენებლობა და ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობის გაზრდა. ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერით საინფორმაციო გამოშვებების ეთნიკური უმცირესობების ენაზე მომზადება. თუმცა, ომბუდმენმა ისიც აღნიშნა, რომ ქართულ ტელესივრცეში ვერ ხერხდება ეთნიკური უმცირესობების პრობლემების ადეკვატური ასახვა. ისინი ასევე მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

ტოლერანტობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ტოლერანტობაზე საუბარი რეალურ, ყოფით ცხოვრებაში არსებული სიტუაციისგან “დიამეტრულად განსხვავდება”.

“ხშირ შემთხვევაში, ბევრი პოლიტიკოსის აზრი ამ ფუნდამენტურ ღირებულებებზე იცვლება იმის მიხედვით, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება გამოვიდეს ამა თუ იმ მიზეზით ქუჩაში. ანუ, ღირებულებები არის დაფუძნებული არა ამ ღირებულებების ერთგულებასა და გაცნობიერებაზე, არამედ პოლიტიკური კონიუნქტურის ცვლილებაზე,”- აღნიშნა უგულავამ.

თბილისის მერის მოსაზრებით, პოლიტიკური უმრავლესობა საქართველოში იქცევა ბევრად უფრო ტოლერანტულად და ბევრად უფრო თანმიმდევრულად  ტოლერანტული ღირებულებების ერთგულებაში, ვიდრე პოლიტიკური ოპიზიცია.  მისივე თქმით, პოლიტიკურ ელიტას აქვს ლოკომოტივის ფუნქცია, რომელმაც შეიძლება ქსენოფობიისა და ფაშიზმის უფსკრულში გადაჩეხოს საზოგადოება, ან პირიქით, წინ წაიყვანოს ის.

“მე პრობლემად გამოვყოფდი იმას, რაც შეიძლება, დღეს მეც მეხებოდეს – მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ყველა პოლიტიკოსი, რომ რელიგია იყოს პირადი ცხოვრების საკითხი და არ უნდა იყოს საზოგადოებრივი მანიპულირების საგანი. რაც უფრო ნაკლებად იქნება ხატების ფონზე სხვადასხვა საკითხზე ინტერვიუს მიცემა, უკეთესი იქნება როგორც საზოგადოებისთვის, ისე თავად ამ ადამიანისთვის. რელიგია არის პირადი ცხოვრების საკითხი და პენსიებზე საუბრისას სულაც არ არის აუცილებელი, შენი რელიგიური მრწამსის აფიშირება მოახდინო,” – განაცხადა გიგი უგულავამ.

“ტოლერანტობის ქომაგის” სტატუსით დაჯილდოვება მოულოდნელი აღმოჩნდა თეოლოგ ბასილ კობახიძისთვის: “არ დავმალავ, რომ ეს მოულოდნელი იყო ჩემთვის, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ მხოლოდ სიკვდილის შემდეგ მექნებოდა მისი მიღების პატივი. თუ უკვე გარდაცვლილი გეგონეთ? მაგრამ როგორც ჩვენი ერთი კოლმეურნეობის თავმჯდომარე იტყოდა, ნურას უკაცრავად! ტოლერანტობა და შემწყნარებლობა საზოგადოებაში გაგებულია ისე, რომ ჩვენ მაინც უმეტესები  ვართ, ჩვენ მაინც შეგიწყნარებთ, შენ იტლიკინე აქ და არ ჩაგარტყამ ისე, როგორც გირტყამდნენ 90-იან წლებში. მაგრამ ის, რომ ადამიანი კანონის წინაშეც და ღვთის წინაშეც, რასის, კანის ფერის, ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების, ასევე სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, არის თანასწორი, ეს არის მთავარი ღირებულება”.

“მინდა გულისტკივილით აღვნიშნო, რომ სახალხო დამცველის ტექსტში, რომელიც ტოლერანტობის დღისადმი 16 ნოემბერს გამოქვეყნდა, არის მრავალჯერ ჩამოთვლილი სხვადასხვა უმცირესობები, მაგრამ ერთხელაც არ არის ნახსენები სექსუალური უმცირესობები, რომელთა მიმართაც არანაკლები სიძულვილია საზოგადოებაში,” განაცხადა ბასილ კობახიძემ.

ომბუდმენმა მალევე უპასუხა ბასილ კობახიძის შენიშვნას და თქვა: “შეიძლება, უფრო მეტად უნდა გამახვილდეს ყურადღება სექსუალური უმცირესობების პრობლემებზე, მაგრამ 2 წელია სახალხო დამცველი ვარ და არ მახსოვს, ერთი განცხადება მაინც მიმეღოს სექსუალური უმცირესობების მხრიდან მათ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით. მათაც უნდა იაქტიურონ. მე ვიცავ ყველა უმცირესობის უფლებას და ვეცდები, მომავალ წელს განცხადებაში არც ერთი ჯგუფი არ დარჩეს ნაწყენი,” – აღნიშნა გიორგი ტუღუშმა.

ომბუდსმენის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციასთან დაკავშირებით ბოლო 2 წლის მანძილზე განცხადება არ მიუღია, არ ეთანხმება ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ხელმძღვანელი ეკა აღდგომელაშვილი.

სექსუალურ უმცირესობათა უფლებებზე მომუშავე ფონდ “ინკლუზივში” საქმიანობისას, 2009 წლის 15 დეკემბერს, ფონდის ოფისში შეიჭრნენ პოლიციელები, რომლებმაც ფონდის ერთ-ერთ თანამშრომელს ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინეს. როგორც აღდგომელაშვილი ამბობს, მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა შეიტყვეს ორგანიზაციის საქიანობის შესახებ(სექსუალური უმცირესობების საკითხებზე მუშაობა), ოფისში მყოფი 19 ქალი 5 საათის მანძილზე ოთახში ჰყავდათ გამოკეტილი და შეურაცხმყოფელად ექცეოდნენ.

“ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა საბუთი, ასლი, ყველაფერი დევს ომბუდსმენთან. მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი მოხდა, ჩვენ მაშინვე მივედით ომბუდმენის ოფისში.  საქმე იმაშია, რომ ამაზე ვერ ვთანხმდებით ძალიან დიდი ხანია. გიორგი ტუღუში პრინციპულად არის იმ პოზიციაზე, რომ ეს არ არის ჰომოფობური ქეისი. ვეუბნები, ბოლოს და ბოლოს, სტრასბურგშია ეს ქეისი გაგზავნილი. ტუღუში ჩამოვიდა ერთხელ ILGA ევროპის კონფერენციაზე, სიტყვით გამოვიდა პანელზე და იქაც ასეთი რამ თქვა. ყველამ იცის, რომ ჰომოფობიასთან დაკავშირებით ეს არის ერთადერთი ქეისი გაგზავნილი ამიერკავკასიიდან სტრასბურგში. ომბუდსმენი მაინც ჯიუტად ამტკიცებს, რომ ეს არ არის ჰომოფობური ქეისი,” – აცხადებს ეკა აღდგომელაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.

“ჩემთვის გაუგებარია მიზეზი, რატომ არ აღიარებს, რომ ეს იყო ჰომოფობური ქეისი. მას აქვს არგუმენტი, რომ პოლიციელები ამის გამო არ მოსულან ორგანიზაციაში. მე ვამბობ, რომ არა აქვს მნიშვნელობა, ისინი რისთვის იყვნენ მოსულები. ფაქტია, რომ 19 ქალი ვიყავით ოთახში გამოკეტილი 5 საათის განმავლობაში და ზუსტად მას შემდეგ, რაც გაიგეს, რა ტიპის ორგანიზაცია იყო “ინკლუზივი”, მაშინ დაიწყეს ჩვენი დამცირება და შეურაცხყოფა, დაშინება და დაშანტაჟება,” – ამბობს აღდგომელაშვილი.

კითხვაზე, თუ რით არის განპირობებული სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაციასთან დაკავშირებით ომბუდმენის ოფისისთვის განცხადებების არგაგზავნა,  ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე პასუხობს: “შესაძლოა, ეს პასიურობაც არის იმ საზოგადოების ბრალი, რომელიც ასეთ შიშში ამყოფებს ნებისმიერი უმცირესობის წარმომადგენელს, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამასთან ბრძოლის ახალი ფორმები.”

სახალხო დამცველის მიერ მცირე მოხსენებაში ტოლერანტობის კუთხით აღწერილ პროგრესს ეთანხმება ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე, თუმცა საუბრობს იმაზეც, თუ რისი შეცვლაა საჭირო: ”საზოგადოების ცნობიერების შეცვლისთვის უფრო მეტი რამაა საჭირო და ეს ასე მარტივად არ ხდება. საჭიროა ადამიანთა ცნობიერების ამაღლება. მათ არ იციან, ვინ არიან რელიგიური ორგანიზაციები, რას წარმოადგენენ და რაც არ იცი, ის საშიშია, ის მტერია. ნებისმიერ საფეხურზე, თუნდაც სასკოლო სახელმძღვანელოებში, უნდა გაშუქდეს მრავალფეროვნება, ასევე მნიშვნელოვანია სატელევიზიო გადაცემების მომზადება და წიგნების გამოშვება,” – უთხრა ნეტგაზეთს რუსუდან გოცირიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი