ახალი ამბები

მოკლულ უფლებადამცველ ვიტალი საფაროვს ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიანიჭეს

16 ნოემბერი, 2018 • 1726
მოკლულ უფლებადამცველ ვიტალი საფაროვს ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიანიჭეს

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრის ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიანიჭეს უფლებადამცველ ვიტალი საფაროვს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ, სავარაუდოდ, ქსენოფობიური სიძულვილის ნიადაგზე თბილისში მოკლეს. ჯილდო ვიტალი საფაროვის დედას გადასცეს.

სასტუმრო “თბილისი მარიოტში” მიმდინარე ღონისძიებას სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ასევე რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოების წარმომადგენლები ესწრებიან.

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ  საუბარი დაიწყო იმ ადამიანებზე, რომლებიც დღევანდელ ღონისძიებას ვერ ესწრებიან. მან ამ კონტექსტში ახსენა ვიტალი საფაროვი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ, სავარაუდოდ, სწორედ სიძულვილის ნიადაგზე მოკლეს.

ნინო ლომჯარიამ ასევე ისაუბრა აზერბაიჯანში დაკავებულ სასულიერო ლიდერზე, მირტაგ ასადოვიზე და აღნიშნა, რომ ყველაფერს აკეთებს ომბუდსმენი მის დასახმარებლად. სახალხო დამცველი იგივეს გაკეთებისკენ მოუწოდებს ხელისუფლებასაც.

ღონისძიება საქართველოს სახალხო დამველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ორგანიზებით იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი