ახალი ამბები

ზემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ადგილას მაშველები დედა-შვილს ეძებენ

15 ნოემბერი, 2018 • 1730
ზემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ადგილას მაშველები დედა-შვილს ეძებენ

თბილისში, ზემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ადგილას მაშველები დედა-შვილს ეძებენ. ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში უთხრეს, რომ დედა-შვილის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებმა მიაწოდეს.

მათივე ცნობით, აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა გამოიწვია. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, კორპუსიდან მოსახლეობა გამოყვანილია, მათი განთავსების ხარჯებს კი ქალაქის მერია დაფარავს. “შევამოწმებთ, რამდენად უსაფრთხო იქნება ამ კორპუსში ცხოვრება. თუ დამატებითი გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო, ყველაფერს თავის თავზე მერია და გამგეობა აიღებს,”-აცხადებს კახა კალაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი