ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

შარლ აზნავურს 90 წლის იუბილე სომხეთის პრეზიდენტმა მიულოცა

22 მაისი, 2014 • • 2014
შარლ აზნავურს 90 წლის იუბილე სომხეთის პრეზიდენტმა მიულოცა

რამდენიმე დღის წინ მან კონცერტი ერევანშიც გამართა. მუსიკოსის ტურნე წლის ბოლომდე მსოფლიოს საუკეთესო საკონცერტო დარბაზებსა და სტადიონებზე გაგრძელდება.

 

90 წლის იუბილესთან დაკავშირებით საყოველთაოდ ცნობილ არტისტს სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა მისალოცი ბარათი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია:

 

“თქვენ ხელოვნების უდიდესი მოღვაწე ხართ, უდიდესი სომეხი და უდიდესი ადამიანი ბრძანდებით. თითოეული შეხვედრა თქვენთან ჩვენთვის დღესასწაულია. ჩვენ ვამაყოფთ, რომ თქვენი თანამედროვენი ვართ და ვტკბებით თქვენი არსებობით, თქვენი სიმღერებითა და ტექსტებით”

 

მე კი მახსენდება 2 წლის წინ ჩემს მშობლიურ ახალციხეში როგორ დავესწარი აზნავურის შესანიშნავ კონცერტს: ქალაქი გადაკეტილი იყო, რადგან იქ საქართველოს მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. აზნავური ახალციხეში თავისი 20-მდე მუსიკოსით ჩავიდა, ამდენივე იყო ტენიკური პერსონალი. ახალციხე იმ დღეს საგანგებოდ მორთეს, კონცერტის დღეს დაამთხვიეს ქალაქის ცენტრში სასტუმროს გახსნა. ხოლო კონცერტი ახალციხეში, ახალ გარემონტებული რაბათის ციხის ამფითეატრში ჩატარდა.

 

აზნავურმა, რომლის მამაც, სხვათა შორის, ახალციხიდან იყო, სიტყვით მიმართა ახალციხელებს და უთხრა, რომ თავის დროზე მამამისი რომ არ წასულიყო პარიზში, ის ახლა თავადაც ახალციხელი იქნებოდა.

შარლ აზნაური ახალციხეში სომხურ თემთან შეხვედრის დროს
შარლ აზნაური ახალციხეში სომხურ თემთან შეხვედრის დროს

 

ახალციხეში მან შეხვედრაც გამართა სომხურ დიასპორასთან, მათთან ერთად ისადილა. კონცერტზე კი ბრწყინავდა თავისი “ავე მარიათი” და “ბოჰემით”.

ხალხი აღფრთოვანებული იყო მისი გამოსვლით. ეს იყო დღესასწაული, რომლის მსგავსი ახალციხეში, ჩემი ბავშვობის პატარა ქალაქში, მე არ მახსენდება.

 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი