ახალი ამბები

ცესკოს წინ ოპოზიცია აქციას მართავს არჩევნების დღესთან დაკავშირებით

14 ნოემბერი, 2018 • 1977
ცესკოს წინ ოპოზიცია აქციას მართავს არჩევნების დღესთან დაკავშირებით

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ გაერთიანებული ოპოზიციის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ ცესკოს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის 28 ნოემბერს, ოთხშაბათს დანიშვნასთან დაკავშირებით.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, სამუშაო დღეს, ოთხშაბათს, დანიშნა. ცესკომ ეს გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციური პარტიების პროტესტის და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების მიუხედავად.

გადაწყვეტილება ცესკოში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კამათის ფონზე დაამტკიცეს.

ცესკომ გადაწყვეტილება 9 ხმით მიიღო.

სხდომა, სადაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ოპოზიციამ კამათის შემდეგ დატოვა.

როგორც ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამბობენ, ცესკოში დღევანდელ დისკუსიას, რასაც არჩევნების თარიღის გამოცხადება მოჰყვა, “აზრი არ ჰქონდა”, რადგან ეს თარიღი უკვე წინასწარ იყო დადგენილი “ქართული ოცნების” მიერ.

14 ნოემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც ამავე დროს “ქართული ოცნების” გენერალური მდივანია, არჩევნების თარიღი მანამდე დაასახელა, სანამ ცესკო თარიღს გამოაცხადებდა.

აქცია ცესკოსთან. ფოტო: გიორგი დიასამიძე

აქცია ცესკოსთან. ფოტო: გიორგი დიასამიძე

აქცია ცესკოსთან. ფოტო: გიორგი დიასამიძე

საქართველოში მოქმედი 3 სადამკვირვებლო ორგანიზაცია – “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” – ცესკოს არჩევნების შაბათს დანიშვნისაკენ მოუწოდებდა.

სხდომის შემდეგ ცესკომ 28 ნოემბერი უქმე დღედ გამოაცხადა.

საზღვარგარეთის უბნებში 20:00 საათის ნაცვლად 24:00 საათამდე გაგრძელდება საარჩევნო პროცესი. ავღანეთში არჩევნები 26 ნოემბერს ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი