ახალი ამბები

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამო გადადგა

14 ნოემბერი, 2018 • 1643
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამო გადადგა

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, რომელიც არ ეთანხმებოდა ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებას ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თანამდებობას ტოვებს. ავიგდორ ლიბერმანმა გადაწყვეტილებას “ტერორისადმი დამორჩილება” უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ღაზაში პალესტინელ მებრძოლებთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილება ისრაელმა ორდღიანი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ მიიღო, რომელსაც 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

12-13 ნოემბერს ჰამასის მებრძოლებმა ისრაელის მიმართულებით 460 ჭურვი ისროლეს, ისრაელმა კი, თავის მხრივ, ღაზაში 160 სამიზნე დაბომბა.

ჰამასმა და სხვა პალესტინურმა საბრძოლო დაჯგუფებებმა გუშინ საღამოს განაცხადეს, რომ მზად იყვნენ ცეცხლი შეეწყვიტათ, თუ ამის პირობას ისრაელიც დადებდა.

თავდაპირველად ისრაელის ძალოვანი უწყებები აცხადებდნენ, რომ საბრძოლო ოპერაციები გაგრძელდებოდა, თუმცა, როგორც ლიბერმანმა დაადასტურა, უარყოფის მიუხედავად, მთავრობამ ცეცხლის შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

როგორც BBC წერს, 14 ნოემბერს ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა არ მომხდარა, თუმცა ქვეყნის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ პალესტინელი კაცი დააკავეს, რომელიც ისრაელი-ღაზის საზღვრის გარღვევას ხელყუმბარებით ცდილობდა.

მთავრობის გადაწყვეტილებას ისრაელში მოქალაქეებსი ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ისინი მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, ქვეყნის პერმიერ-მინისტრი ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას იცავს.


ისრაელმა და ღაზის სექტორმა ერთმანეთის ტერიტორიების დაბომბვა კვირას, 11 ნოემბერს დაიწყეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

შეტაკებებისას დაიღუპა 6 პალესტინელი სამხედრო და ერთიც ჰამასის ადგილობრივი მეთაური. გარდა ამისა, შეტაკებას ესმხვერპლა ერთი ისრაელელი ჯარისკაცი და ისრაელის ტერიტორიაზე, ქალაქ აშკელონში მცხოვრები პალესტინელი.

როგორც BBC წერს, კონფლიქტის ესკალაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც 11 ნოემბერს გაირკვა, რომ ღაზაში ისრაელის სპეცილური სამხედრო დანაყოფი ღაზის სექტორის ტერიტორიაზე 3 კილომეტრის სიღრმეზე იყო შესული ფარული ოპერაციის ჩასატარებლად.

აღნიშნული ჯგუფი შემოწმების მიზნით გააჩერა ჰამასის ადგილობრივმა ლიდერმა. სწორედ ამ შეხვედრისას, ორმხრივი სროლის დროს, დაიღპა ჰამასის ადგილობრივი მეთაური და ისრაელელი სამხედრო. ისრაელის სპეცდანაყოფის დანარჩენი წევრები ტერიტორიიდან ვერტმფრენით გაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი