ახალი ნორმის თანახმად, მერობისა და გამგებლობის კანდიდატად დარეგისტრირებული პირი არჩევნების ჩატარებამდე 2 წლის განმავლობაში საქართველოში უნდა ცხოვრობდეს, თუმცა ნინო ჯანაშია მიიჩნევს, რომ არასაკმარისად არის განმარტებული, თუ რას გულისხმობს 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრება:
“არსებობს მხოლოდ სასამართლოს განმარტება, რომლის მიხედვითაც საქართველოში ორწლიანი ცხოვრება განისაზღვრება მისი ჩართულობით საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც აბსოლუტურად არასაკმარისი განმარტებაა. ვფიქრობთ, რომ ცესკომ რაღაც კრიტერიუმები მაინც უნდა შეიმუშაოს ამ ცხოვრების განმარტების”, – აცხადებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების იურისტი ნინო ჯანაშია.
მისივე თქმით, ირაკლი ოქრუაშვილისთვის გორის მერობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარის თქმის შემთხვევისგან განსხვავებით, სხვა მოცემულობები იყო ფოთის და რუსთავის მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ:
“ოქრუაშვილი აშკარად არ ცხოვრობდა საქართველოში ბოლო 2 წელი, ის ცალსახად არ იყო საქართველოში და არ ეკუთვნოდა მერობის კანდიდატად დარეგისტრირება. თუმცა ფოთის და რუსთავის მერობის კანდიდატებთან მიმართებაში სხვა კაზუსებია. ფოთის მერობის კანდიდატი მივლინებით მიდიოდა სამსახურეობსრივი მოვალეობის შესასრულებლად და რუსთავის მერობის კანდიდატი საერთოდ სწავლობდა სხვაგან.
ის ფაქტი, რომ ისინი საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ, ჩემი აზრით ნიშნავს იმას, რომ ისინი რეზიდენტები იყვნენ იმ ქვეყანაში. საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნა ნიშნავს, რომ თქვენ, მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნები რომ ჩატარდეს, ხმას აძლევთ თქვენი საკონსულო აღრიცხვის ტერიტორიიდან, შესაბამისად, რეზიდენტად ითვლებით იმ ქვეყანაში. თუკი ცესკო ამას არ ეთანხმება, მაშინ ეს უნდა განიმარტოს”, – აცხადებს ჯანაშია.
ISFED–ის იურისტი მიიჩნევს, რომ თუ ადამიანი 6 თვის განმავლობაში საზღვარგარეთ სწავლობდა და არ იმყოფებოდა საქართველოში, ამ 6 თვის მანძილზე ვერ მიიღებდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას.
“ფოთის მერობის კანდიდატი კაკულია რომ წასულიყო ყოველ თვეში თუნდაც 1 კვირა და არ ყოფილიყო საკონსულო აღრიცხვაზე, მაშინ უფრო თამამად ვიტყოდით, რომ ეს ადამიანი მიდის სამსახურეობრივი მოვალეობის გამო, საქართველოს რეზიდენტია და არსად არ არის საკონსულო აღრიცხვაზე. მაგრამ, როგორც ვიცი, თვეობით მიდიოდა ყაზახეთში და საკონსულო აღრიცხვაც ამან გამოიწვია. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვეთანხმებით ფოთის და რუსთავის მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით ცესკოს გადაწყვეტილებას”
ნინო ჯანაშიას თქმით, არჩევნების შემდეგ, როდესაც საკანონმდებლო ცვლილებებზე იქნება მსჯელობა, ISFED-ი აუცილებლად შევთავაზებთ პარლამენტს, რომ დაზუსტდეს დეტალები, რადგან ამ ნორმამ ძალიან ბევრი ბუნდოვანება გამოიწვია.
ნინო ჯანაშიას განმარტებით, ფოთისა და რუსთავის მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით ცესკოს გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოშია შესაძლებელი.