ახალი ამბები

პრემიერი საქართველოს ეკონომიკის საკვანძო სფეროებად ენერგეტიკას და ტურიზმს ასახელებს

21 მაისი, 2014 •
პრემიერი საქართველოს ეკონომიკის საკვანძო სფეროებად ენერგეტიკას და ტურიზმს ასახელებს

“ამჟამად ჩვენი ქვეყანა იყენებს თავისი ჰიდრორესურსების მხოლოდ 18%-ს. საქართველოს ენერგეტიკული სისტემა დაკავშირებულია ყველა მეზობელი ქვეყნის შესაბამის სისტემებთან. 2012 წელს ენერგეტიკის სექტორში განხორციელებულმა ინვესტიციებმა შეადგინა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამური ოდენობის 19.7%, ხოლო 2013 წლის პირველი ცხრა თვის მაჩვენებელმა იმავე კატეგორიაში შეადგინა უკვე 20%-ზე მეტი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მისივე თქმით, 2013 წლის სექტემბერში საქართველოში დაფუძნებული “თანაინვესტირების ფონდი” (რომელშიც საკუთარი კაპიტალით მონაწილეობს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი) აქტიურად ეძებს ინვესტირების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით სწორედ ენერგეტიკის სექტორში, ასევე, პრემიერი გამოყოფს კიდევ ერთ სექტორს – ტურიზმს და სასტუმრო ბიზნესს, სადაც ეს ფონდი იჩენს ინტერესს.

 

“რაც შეეხება მეორე მძლავრ სექტორს, ტურიზმსა და სასტუმრო ინდუსტრიას, საქართველო ამაყობს ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით მსოფლიოში. 2012 წელს საქართველოს ეწვია 4.3 მილიონზე მეტი ადამიანი, რაც 56%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. 2013 წელს კი ტურისტების რიცხვი 5.4 მილიონამდე გაიზარდა.


მოთხოვნა სასტუმრო ოთახებზე ყოველდღიურად იზრდება, უფრო სწრაფად, ვიდრე ამას მიწოდება აკმაყოფილებს. მიუხედავად ისეთი ბრენდების საქმიანობისა, როგორებიცაა „მარიოტი”, „შერატონი”, „ჰილტონი”, „რედისონი” და „ჰოლიდეი ინი”, ბაზარზე კვლავაც არის საკმარისი სივრცე ამ მომსახურების სხვა მიმწოდებელთა დასამკვიდრებლად”, – ეს განცხადებები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 20 მაისს ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის დროს ჰარვარდის კლუბის წევრებთან შეხვედრაზე გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი