ახალი ამბები

ცესკომ რეგისტრაცია არ გაუუქმა ფოთის და რუსთავის სახელისუფლებო კანდიდატებს

21 მაისი, 2014 •
ცესკომ რეგისტრაცია არ გაუუქმა ფოთის და რუსთავის სახელისუფლებო კანდიდატებს

ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ხმა წინააღმდეგ მისცა, რადგან იგი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევებზეც უნდა შენარჩუნებულიყო ერთგვაროვანი პრაქტიკა, რადგან ცესკომ ზუსტად ანალოგიური ნიშნით სამი კვირის წინ გაუუქმა რეგისტრაცია ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც გორის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ამავე ქალაქის მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა.

ცესკოს სხდომა
ცესკოს სხდომა

 

ცესკოს განკარგულებაში, რომელიც ეხება საარჩევნო სუბიექტ “ჩვენი საქართველოს” საჩივრის განხილვას ფოთის მერობის სახელისუფლებო კანდიდატ ირაკლი კაკულიასთვის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით, აღნიშნულია:

 

“ვინაიდან საარჩევნო კოდექსში მუდმივად ცხოვრების ფაქტის ლეგალური დეფინიცია არ არსებობს, მსგავს საქმეებზე სასამართლო პრაქტიკით განისაზღვრა, რომ ცხოვრების ფაქტის დადგენის ერთ-ერთი პირობაა პირის აღნიშნულ პერიოდში უშუალო მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობასა და ცხოვრებაში, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც საქმეში წარმოდგენილია”.

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 167–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბმისად: “მერად/გამგებლად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში”.

 

ცესკოს განკარგულებით, ფაქტობრივად, დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ირაკლი კაკულია ბოლო 2 წლის პერიოდში იმყოფებოდა საზღვარგარეთ, რასაც მომჩივანი მხარეც მიუთითებდა:

 

“აღსანიშნავია, რომ მოცემულ კანდიდატს ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში არ უცხოვრია. უფრო კონკრეტულად: დადასტურებული ინფორმაციით, ირაკლი კაკულია 2008 წლიდან 2012 წლის ნოემბრის ჩათვლით ცხოვრობდა ყაზახეთში. იგი 2009-12 წლებში იყო ყაზახური კომპანიის, შპს “აკტაუსიბარიტის” დირექტორი და მოცემული წლების მანძილზე ჰქონდა ყაზახეთის ბინადრობის მოწმობა მუშაობის უფლებით,” – ნათქვამია საჩივარში. 

 

ცესკოს განკარგულებაში განმარტებულია, რომ ირაკლი კაკულიას 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზდენტო არჩევნებისას ფაქტობრივ მდგომარეობაში მითითებული ჰქონდა „საკონსულო აღრიცხვა“: 

 

“საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებოდა 2012 წლის 29 აგვისტოდან, რაც არ გამორიცხავს ბოლო 2 წლის განმავლობაში მის საქართველოში ცხოვრებას და ყოველდღიურ მონაწილეობას საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში”, – მიიჩნია ცესკომ.

 

ცესკოს განკარგულებაში ასევე დადასტურებულია, რომ ირაკლი კაკულია 2010 წლის 3 იანვრიდან 2014 წლის 3 იანვრამდე შრომით ურთიერთობაში  იმყოფებოდა შ.პ.ს. „სიბარიტთან”, თუმცა საარჩევნო კომისია იქვე განმარტავს, რომ კაკულია სამსახურებრივი მივლინებებით გადიოდა ქვეყნიდან:

 

“აღნიშნულ პერიოდში მის მიერ ადგილი ჰქონდა სამსახურებირივ მივლინებებს, რაც დგინდება წარმოდგენილი შ.პ.ს. „სიბარიტის” დირექტორის ბრძანებებით მივლინების შესახებ”, – ნათქვამია ცესკოს განკარგულებაში.

 

ცესკომ 20 მაისის სხდომაზე, ასევე, განიხილა “ქართული ოცნების” რუსთავის მერობის კანდიდატის დავით ჯიქიას რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ არასაპარლამენტო ოპოზიციის საჩივარი. საჩივრის მიხედვით, დავით ჯიქიას ბოლო ორი წელი საქართველოში არ უცხოვრია (იგი იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში, სადაც 2012 წლის ნოემბრამდე ჩართული იყო  ინგლისური ენის სპეციალურ პროგრამაში). 

 

დავით ჯიქიამ დაადასტურა, რომ იგი სასწავლებლად იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში 2012 წლის 30 მაისიდან 2012 წლის 26 ნოემბრამდე პერიოდში, კერძოდ, 180 დღის განმავლობაში.


დავით ჯიქიას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ფაქტობრივ მდგომარეობაში მითითებული ჰქონდა „საკონს. აღრ.“, ასევე ჯიქია საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებოდა 2012 წლის 10 სექტემბრიდან, რაც არ გამორიცხავს ბოლო 2 წლის განმავლობაში მის საქართველოში ცხოვრებას და მონაწილეობას საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტკურ ცხოვრებაში. შესაბამისად, გასაჩივრებული განკარგულება არ ეწინააღმდეგება „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 167-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნებს”, – ნათქვამია ცესკოს განკარგულებაში, რომლითაც დავით ჯიქიას რეგისტრაცია არ გაუქმდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი