ახალი ამბები

მაქარაშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის საქმე კვლავ გამოუძიებელია

13 ნოემბერი, 2018 • 2128
მაქარაშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის საქმე კვლავ გამოუძიებელია

გორის მერიის მაღალჩინოსნის მიერ აქტივისტ გიგა მაქარაშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრიდან ერთი თვის შემდეგ გამოძიება გრძელდება და კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას ითვალისწინებს.

თავად მაქარაშვილი მიიჩნევს, რომ საქმე “თაროზე მოხვდა” და გორის მერიის მაღალჩინოსანი დაუსჯელი დარჩება. მოთხოვნით “დაისაჯოს გორის მერიის მოძალადე ჩინოვნიკი”  ინტერნეტ-პეტიცია შეიქმნა, რომლის ადრესატები საქართველოს პარლამენტი, მთავრობა და პრეზიდენტი არიან.

“გორის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა თემურ მანველიშვილმა, 2018 წლის 10 ოქტომბერს, გორის მერიის წინ მშვიდობიანი მანიფესტაციის დასრულებისას, სამოქალაქო აქტივისტს, გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვის ურნა ჩამოამხო. საქმე აღიძრა მსუბუქი ხულიგონობის მუხლით. არც საოლქო და არც სამხარეო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შუამდგომლობა საქმის კვალიფიკაციის შეცვლაზე. თავად ჩინოვნიკი კი გორის მერიამ არათუ სამსახურიდან გაათავისუფლა, საყვედურიც კი არ გამოუცხადა. მეტიც, პროკურატურამ მაქარაშვილის ფსიქოლოგიური ექსპერტიზა მოითხოვა და შემდეგ ის დაზარალებულადაც არ ცნო. შესაბამისად, საქმე მოხვდა თაროზე და დიდი ალბათობით გორელი ჩინოვნიკი ამ საქმიდან დაუსჯელად გამოძვრება! მოვითხოვოთ სამართლიანი გამოძიება!” – ნათქვამია გიგა მაქარაშვილის პეტიციაში.

დღეს შექმნილ პეტიციას ამ დროისთის 1 119 ადამიანი აწერს ხელს.

სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს, რომელმაც სხვა აქტივისტებთან ერთად გორის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა, მერიის მაღალჩინოსანმა თავზე ნაგვით სავსე სათლი დაამხო. შემთხვევა 10 ოქტომბერს მოხდა.

https://www.facebook.com/www.dia.ge/videos/258045738227221/

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს, კაცი, რომელმაც მაქარაშვილს ნაგავი დააყარა, გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსი თემურ მანველიშვილია.

გორის მერიამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ გამოძიების დასრულებამდე ინციდენტზე რეაგირება არ ექნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი