წინასაარჩევნო პროცესებს “საია” თბილისსა და საქართველოს რვა რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და სამეგრელოში ახორციელებდა.
ანგარიში მოიცავს 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით პერიოდს. ასევე ასახულია ის ფაქტები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 1 აპრილამდე.
“საიას” განცხადებით, მისმა მონიტორებმა საჯარო მოხელეთა მხრიდან აგიტაციის წესების დარღვევის 3, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 1, ამომრჩევლის მოსყიდვის 1, საარჩევნო პროცესებთან სავარაუდოდ დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი დევნის 7, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შეფარდების 18, ფიზიკური ანგარიშსწორების 1 და სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 9 ფაქტი დააფიქსირეს.

საიამ ყრადღება მიაქცია 2014 წლის 10 აპრილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შეხვედრების ჩაშლის მცდელობის ფაქტებს, რამაც ცალკეულ შემთხვევებში ძალადობრივი ხასიათი შეიძინა. ამავე პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ყვარლის მუნიციპალიტეტში განვითარებულმა მოვლენებმა, სადაც მუნიციპალიტეტის საკრებულო მოქმედ გამგებელს დაუპირისპირდა.
საიამ დადეფითად შეაფასა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის 12-მდე ზრდა, გამგებლებისა და მერების არჩევნებისათვის 50%-იანი ბარიერის დაწესება. აღნიშნული ცვლილებების მიუხედავად, საარჩევნო კანონმდებლობის ბევრი არსებითი ცვლილება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა საარჩევნო გარემოს, არ განხორციელებულა, ამბობს ორგანიზაცია:
“არ შეცვლილა საარჩევნო სისტემა საკრებულოს არჩევნებისთვის, არ შედგა ბიომეტრიული სიები, არ გადაიხედა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი და სხვა. საინიციატივო ჯგუფებს არ მიეცათ გამგებლის/მერობის კანდიდატების დასახელების შესაძლებლობა, რითაც გაუარესდა მოქმედი ნორმა. არ განხორციელებულა სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც.”
“საია მიიჩნევს, რომ პირველიდან 31 აპრილამდე უწყებათაშორისმა კომისიამ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გამოსცა. თუმცა კომისიის მიერ გამოცემული რეკომენდაციების შესრულების საკითხი პრობლემურად რჩება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის კომისია 24 მარტამდე უნდა შექმნილიყო, თუმცა კომისია დაგვიანებით, 3 აპრილს შეიქმნა.
ორგანიზაცია პოზიტიურად აფასებს ცესკოს თავმჯდომარის მოწოდებას საოლქო საარჩევნო კომისიებისადმი, რათა მათ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევნებისას მაქსიმალური პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი გამოეჩინათ.
საიამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საანგარიშო პერიოდში რამდენიმე ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი გაიზარდა და არჩევნების მოახლოებასთან ერთად გახშირდა სხვადასხვა პროექტების ინიცირების ფაქტები, რომელთა დაწყებაც წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა:

“აღსანიშნავია, რომ ინიციატივები მეტწილად სოციალურ ხასიათს ატარებენ და მოსახლეობის ფართო მასებზეა გათვლილი. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევებში კანონი არ დარღვეულა, ჩნდება ლოგიკური კითხვები საბიუჯეტო სახსრების საარჩევნოდ მოტივირებულ ხარჯვასთან დაკავშირებით.”
საიას აზრით, გაუმჯობესებულია პრესის თავისუფლების ხარისხი საქართველოში. ამის მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ ფუნქციონალური სამეურვეო საბჭოს გარეშეა დარჩენილი. არჩევნების წინ კვლავ აქტუალურია ცესკოს დადგენილება, რომელიც მედიას უწესებს შეზღუდვებს, გადაღება აწარმოოს კენჭისყრის შენობაში.