ახალი ამბები

გიორგაძემ აღიარა, რომ ლუგარში “ადამიანებზე ექსპერიმენტების” მტკიცებულება არ აქვს

12 ნოემბერი, 2018 • 12281
გიორგაძემ აღიარა, რომ ლუგარში “ადამიანებზე ექსპერიმენტების” მტკიცებულება არ აქვს

საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე, რომელზე დაყრდნობითაც რუსული ოფიციალური უწყებები და მედია ავრცელებს ცნობებს, თითქოს საქართველოში, ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე ექსპერიმენტები ტარდებოდა, BBC-სთან ინტერვიუში აღიარებს, რომ ამის დამამტკიცებელი საბუთი არ აქვს.

BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება ადგენს, რომ რუსული ოფიციალური პირების და მედიის მიერ გავრცელებული ცნობები საქართველოში აშშ-ის დაფინანსებით აშენებული ლუგარის ლაბორატორიის შესახებ სიცრუეა.

რუსეთის საგარეო და თავდაცვის სამინისტროები, ასევე პროკრემლისტური მედია აცხადებდა, თითქოს ლაბორატორიამ საქართველოს მოქალაქეებზე არალიცენზირებული წამლები გამოსცადა, რასაც ათეულობით ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. თუმცა ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ამ ბრალდების პირველწყაროდ იგორ გიორგაძე სახელდებოდა — საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრი, KGB-ს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც წლების წინ საქართველოდან რუსეთში გაიქცა.

გიორგაძის ვებსაიტზე ეწერა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ტარდებოდა ექსპერიმენტები აშშ-ში დამზადებული არალიცენზირებული წამლით, სოვალდით, რამაც 2015 წლის დეკემბერში 30 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

გიორგაძე BBC-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მის საიტზე გავრცელებული შეფასება მას არ ეკუთვნის:

“რაც თქვენ საიტზე წაიკითხეთ, ეს არის დასკვნა იმ ადამიანებისა, ვინც [ეს დოკუმენტები] გააანალიზეს. მე ანალიზი არ გამიკეთებია. მე ეს არ მითქვამს”,- ამბობს იგი.

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა რაიმე დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში პაციენტებს აძლევდნენ ისეთ მედიკამენტებს, რაც კლინიკურად ნებადართული არ იყო, ის პასუხობს:

“არა. მე არ მაქვს საერთოდ არანაირი სურვილი, რომ რამე დავამტკიცო. მე კითხვას ვსვამ. აი, ახლა თქვენ მიპასუხეთ, თქვით, რომ ეს [დოკუმენტები] არაფერს ამტკიცებს. კეთილი. ამ ინტერვიუს, მას შემდეგ, რაც თქვენ გაუშვებთ, დავდებთ ჩვენს საიტზე. და ვნახავთ, რომ იქნება ერთი მხარე, რომელიც ამბობს, რომ ეს არის მტკიცებულება, მეორე კი ამბობს, რომ არა”.

“არ არის ეს, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, დეზინფორმაცია”? – ეკითხება გიორგაძეს ჟურნალისტი.

“არ ვიცი. არ ვიცი”, — პასუხობს გიორგაძე.


 

BBC-ის ჟურნალისტს ჩაწერილი აქვს ინტერვიუ გიორგი ხატელაშვილთან, ვისი სახელიც გიორგაძის გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე საკონტაქტო ადამიანადაა მითითებული. ხატელაშვილი 2015 წელს ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობდა. მისი თქმით, გიორგაძის ბრალდება უსაფუძვლოა და მასში სიმართლის მარცვალიც არ არსებობს.

მისივე განმარტებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში, რომლის შესახებაც მთელმა მსოფლიომ იცის, გამოყენებულ მედიკამენტებს მთელ მსოფლიოში მოიხმარენ.

BBC-ის თანახმად, მედიკამენტები, რომლებიც ამ პროგრამაში სამკურნალოდ გამოიყენებოდა —სოვლადი და ჰარვონი — ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სანქცირებული პრეპარატებია. არადა, გიორგაძის გამოქვეყნებული დოკუმენტები ისე წარმოაჩენდა, თითქოს ამ წამლების ტეატირებისას დაიხოცა ათობით ადამიანი.

სინამდივლეში, ხატელაშვილის თქმით, პროგრამამ 36 000 ადამიანის სიცოცხლე იხსნა. BBC-ის თანახმად, ჯანდაცვის ორგანიზაცია აქებს საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას.

BBC ლუგარის ცენტრში

ბრიტანული მაუწყებელი იმყოფებოდა ლუგარის ცენტრში, სადაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ ამბობს, რომ რუსეთიდან მომავალი ბრალდებები უსაფუძვლოა. მისივე თქმით, არც კი არსებობდა მედიკამენტების კლინიკური კვლევების საჭიროება, რადგან ის უკვე დატესტილი და საყოველთაოდ მიღებული იყო.

BBC-ის თანახმად, აშშ თავის მხრივ რუსეთს ბრალს სდებს დეზინფორმაციის გავრცელებით  საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობაში სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლისა და სხვა მსგავსი ინციდენტებიდან.

რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის მეთაურმა იგორ კირილოვმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ლუგარის ორი სართული აშშ-ის ჯარისკაცებს გადასცეს. თუმცა არც ეს ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს.

ელიზაბედ რუდი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, “სრულ უაზრობას” უწოდებს ამავე ბრალდებებს.

ნახეთ ნეტგაზეთზე:

რატომ ეხმარება აშშ საქართველოს, აზერბაიჯანს და სხვებს ლაბორატორიების მოწყობაში

რა საფრთხეს ქმნის რუსეთის შეტევა “ლუგარის ლაბორატორიაზე”

მასალების გადაბეჭდვის წესი