ახალი ამბები

ომბუდსმენის თქმით, მუქარის შემცველ წერილებს თავადაც იღებს

12 ნოემბერი, 2018 • 1591
ომბუდსმენის თქმით, მუქარის შემცველ წერილებს თავადაც იღებს

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 12 ნოემბერს, თქვა, რომ მას ემუქრებიან, სახალხო დამცველმა ნანინო ლომჯარიამაც განაცხადა, რომ თავადაც არის მუქარისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი. ომბუდსმენის თქმით, შეტყობინებებს ომბუდსმენის თანამდებობის დაკავების დღიდან იღებს:

“ჩემი ისტორიაც მინდა დავწერო: ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც სახალხო დამცველი გავხდი… აქამდე საჯაროდ ამ თემაზე არ მისაუბრია, თუმცა ვფიქრობ, რომ საკითხის მასშტაბურობიდან და სიმწვავიდან გამომდინარე, ყველამ უნდა ისაუბროს ამაზე, ერთხმად უნდა დავგმოთ მუქარა და ძალადობა, ვის წინააღმდეგაც არ უნდა იყოს ის და სამართალდამცავებს მოვუწოდოთ, მთელი სერიოზულობით მოეკიდონ მსგავსი ფაქტების გამოძიებას”, – ამბობს ლომჯარია.

მისი თქმით, სახალხო დამცველს “შუბლის გახვრეტით” და “სნაიპერის ტყვიით” ემუქრებოდნენ და მის მიმართ უცენზურო სიტყვებსა და გამონათქვამებს იყენებდნენ:

“რამდენიმე თვის წინ პირადად გავხდი სწორედ ასეთი შეტევის ობიექტი; მემუქრებოდნენ შუბლის გახვრეტით, სნაიპერის ტყვიით, მიხსენიებდნენ უცენზურო სიტყვებით და ა.შ…. უკვე ბევრისგან მსმენია იგივე, განსაკუთრებული სამიზნე სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები, კანდიდატები არიან… სამწუხაროდ, უკვე ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა მუქარა და შეურაცხყოფა, დაუსრულებელი შეტყობინენები, სადაც გაურკვეველი პირები სიცოცხლის მოსპობით იმუქრებიან.

ეს არის დანაშაული და მსგავსი შინაარსის შეტყობინებებზე რეაგირება არის სახელმწიფოს, სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა და არა სამოქალაქო სექტორის, რომელიც თავად არის მსგავსი მუქარების სამიზნე”, – ამბობს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს, უკვე განხორციელებულ მუქარებსა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებზე მოახდინოს კანონის მთელი სიმკაცრით რეაგირება.

ზურაბიშვილის განცხადებაზე გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის მუხლითაც მიმდინარეობს

მასალების გადაბეჭდვის წესი