ახალი ამბები

ომბუდსმენის თქმით, მას წყარო უდასტურებს, რომ რომან შიტიკოვი ცხინვალის ციხეშია

19 მაისი, 2014 •
ომბუდსმენის თქმით, მას წყარო უდასტურებს, რომ რომან შიტიკოვი ცხინვალის ციხეშია

სახალხო დამცველის განცხადების შესაბამისად, რომელიც მან დღეს, 19 მაისს გაავრცელა, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები ადმინისტრაციული საზღვრის მონიტორინგის ფარგლებში ესაუბრნენ სოფელ საკორინთლოს მკვიდრ მოქალაქე გ.ა-ს, რომლის ინფორმაციითაც ცნობილი ხდება, რომ ის ცხინვალში ერთ საკანში იმყოფებოდა რომან შიტიკოვთან.

 

“მისი ინფორმაციით, რომან შიტიკოვი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაფილაში დააკავეს რუსმა მესაზღვრეებმა და 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო მას დახვრეტით ემუქრებოდნენ. თუმცა შიტიკოვი მასთან საუბარში ამბობდა, რომ ავადმყოფობის გამო ომში მონაწილეობა არ მიუღია და სთხოვა გ. ა-ს საჯაროდ განეცხადებინა მისი მდგომარეობის შესახებ,”- წერია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

 

სახალხო დამცველი საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებას, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ადამიანის უფლებათა დაცვით საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდეს მყისიერად მოახდინონ რეაგირება შიტიკოვის საკითხზე და უზრუნველყონ მისი დროული გათავისუფლება. 


“რომან შიტიკოვის ადგილსამყოფელი დღეისათვის უცნობია. მიგვაჩნია, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შესაძლოა საფრთხე ემუქრებოდეს,”- აცხადებს სახალხო დამცველი.

 

რომან შიტიკოვის ადგილსამყოფელის შესახებ საუბარი იყო 2014 წლის 28 აპრილს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე, თუმცა ოსური მხარე შიტიკოვის დაკავებას უარყოფს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 15 აპრილს დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა დაკავება დაადასტურეს, მაგრამ 23 აპრილს უარყვეს.


რომან შიტიკოვი: ფოტო: ამერიკის ხმა
რომან შიტიკოვი: ფოტო: ამერიკის ხმა

მასალების გადაბეჭდვის წესი