ახალი ამბები

ბერას ჯვრისწერის გამო “დახურული ტაძარი” – “სვეტიცხოვლის საძმო” ცნობას უარყოფს

11 ნოემბერი, 2018 • 4424
ბერას ჯვრისწერის გამო “დახურული ტაძარი” – “სვეტიცხოვლის საძმო” ცნობას უარყოფს

სვეტიცხოვლის ტაძრის ფეისბუქ გვერდზე განცხადება განთავსდა გავრცელებულ ცნობასთან დაკავშირებით, რომ ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ჯვრისწერისას ვიზიტორებს ეკლესიაში შესვლა შეეზღუდათ, შიგნით მყოფებს კი ტაძარი დაატოვებინეს.

განცხადებაში ვკითხულობთ:

“11 ნოემბერს სვეტიცხოველის ტაძარში ჯვარი დაიწერეს თეოდორე (ბერა) ივანიშვილმა და ნანა გუდავაძემ. სამწუხაროდ, შემდეგ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს სვეტიცხოველიდან ამის გამო გამოყარეს მლოცველები. ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ეს ნათქვამი არ შეეფერება სინამდვილეს. სვეტიცხოველის საძმო”.

ზემოაღნიშნული ცნობა სოციალურ ქსელებსა და მედიაში დღეს, 11 ნოემბერს გავრცელდა. ერთ-ერთმა პირველმა ამის შესახებ ფეისბუქის მომხმარებელმა ლევან გელიაშვილმა დაწერა. “სვეტიცხოველი დახურა”, – წერდა ის ბერა ივანიშვილზე თავისივე ფოტოსთან ერთად, რომელზეც ჯვრისწერის პროცესია ასახული.

ჯვრისწერის ცერემონიას პირდაპირ ეთერში გადასცემდა TV პირველი, რომლის კადრებშიც ჩანდა, რომ ტაძართან დაცვა იყო გაძლიერებული.

დღის განმავლობაში ინფორმაციის დასაზუსტებლად “ნეტგაზეთი” მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს არაერთ პასუხიმგებელ პირთან ცდილობდა დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი