ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

20 წელი ზავის დადებიდან

19 მაისი, 2014 •
20 წელი ზავის დადებიდან
1994 წლის 5 მაისს ბიშკეკში, რუსეთის, ყირგიზეთისა და დსთ-ს საპარლამენტო სამიტის შუამავლობით, აზერბაიჯანმა, მთიანმა ყარაბაღმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების ისტორიაში ბიშკეკის პროტოკოლის სახელით შევიდა და რომლის საფუძველზეც მიღწეული იქნა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.
ანაიტ დანიელიანი
ანაიტ დანიელიანი

 

იმავე წლის 12 მაისს, ბიშკეკის დოკუმენტის იურიდიულად გაფორმების მიზნით, მოსკოვში შედგა შეხვედრა სომხეთის და აზერბაიჯანის თავდაცვის მაშინდელ მინისტრებს – სერჟ სარქისიანსა და მამედრაფი მამედოვსა და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სამხედრო ძალების მეთაურ – სამველ ბაბაიანს შორის, რომლის ფარგლებშიც დამტკიცდა მანამდე მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ასევე, მომზადდა დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებდა ყარაბაღისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გადანაწილებას, ბუფერული ზონების შექმნას და იქ სამშვიდობო ძალების განთავსებას. ამ დოკუმენტს რუსეთის და სომხეთის თავდაცვის მაშინდელმა მინისტრებმა, პაველ გრაჩოვმა და სერჟ სარქისიანმა, ასევე, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სამხედრო ძალების მეთაურმა სამველ ბაბაინმა მოაწერეს ხელი, რაც აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა მამედრაფი მამედოვმა არ გააკეთა – ის სასწრაფოდ გამოიძახეს ბაქოში. იმის მიუხედავად, რომ აზერბაიჯანმა უარი თქვა ხელი მოეწერა მოსკოვის დასკვნით პროტოკოლზე, ყარაბაღი-აზერბაიჯანის გამყოფ ხაზზე გრძელვადიანი ზავი ამოქმედდა.  

აზერბაიჯანი-ყარაბაღის გამყოფ ხაზზე
აზერბაიჯანი-ყარაბაღის გამყოფ ხაზზე

 

შეთანხმების პირველი პუნქტით, კონფლიქტის მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ უზრუნველყოფდნენ ცეცხლის და საომარი მოქმედებების სრულად შეწყვეტას 1994 წლის 12 მაისის 00:01 საათიდან. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ დღიდან დადგა ხელშესახები სიმშვიდე კონფლიქტის მხარეებს შორის. თუმცა 20-წლიანი მშვიდობა ისეთი მყიფეა, რომ ყოველ წამს შეიძლება გადაიზარდოს ომში, როგორც ეს ხდება პერიოდულად (მართალია, მცირე ხნით) საზღვარზე მომხდარი ინციდენტების დროს, როცა ისმის სროლის, აფეთქებების ხმა, იღუპება ხალხი.

სამწუხაროდ, ბევრისთვის ომი ისევ არ დამთავრებულა, რადგან სწორედ ამ მშვიდობის პერიოდში დაკარგა ბევრმა მშობელმა თავისი შვილი, რომლებიც საზღვარზე მომხდარი ინციდენტების შედეგად დაიღუპნენ. ასეთი ინციდენტები კი გასული წლების მანძილზე ცოტა ნამდვილად არ იყო.

მოვსეს აკოფიანი - მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი
მოვსეს აკოფიანი – მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი

 

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოვსეს აკოფიანის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიუხედავად, აზერბაიჯანული მხარე პერიოდულად არღვევს ამ პირობას:

“ბოლო სამი წლის განმავლობაში მოწინააღმდეგე განსაკუთრებით აქტიური იყო, ხოლო მიმდინარე წლის 4 თვეში რეკორდულად გაიზარდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ფაქტები: დაფიქსირდა 7000-ზე მეტი ასეთი შემთხვევა. ცოტა არ იყო დივერსიის და დაზვერვის მიზნით შემოღწევის მცდელობები, თუმცა წელს 5 ასეთი ფაქტიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეძლო მოწინააღმდეგემ ჩვენს პოზიციაზე შემოღწევა და ჯარისკაცის დაშავება, სხვა შემთხვევაში, მცდელობები აღკვეთილი იქნა”.

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბაკო სააკიანმა News.am-თან ინტერვიუში აღნიშნა: “თუნდაც შედარებითი მშვიდობის დამყარებამ, ვფიქრობ, ბევრი რამ მოუტანა არა მხოლოდ მთიან ყარაბაღს, არამედ მთელ რეგიონს: ომი შეჩერდა, მოხერხდა ათი ათასობით სიცოცხლის გადარჩენა, ხალხი დაუბრუნდა მშვიდობიან ცხოვრებას. აზერბაიჯანის მიერ თავს მოხვეული ომის შემდეგ ყარაბაღის ხალხმა, სომხეთისა და დიასპორის მხარდაჭერით, შეძლო დანგრეული ეკონომიკის აღდგენა და ხელშესახები განვითარებისთვის იმედიანი საფუძვლის შექმნა”.

ბაკო სააკიანი - მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტი
ბაკო სააკიანი – მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტი

 

პრეზიდენტმა, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ ყარაბაღი-აზერბაიჯანის კონფლიქტის ზონა ერთადერთი რეგიონია მსოფლიოში, სადაც მშვიდობას და სტაბილურობას უზრუნველყოფენ მხოლოდ კონფლიქტის მხარეები:

“ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც, სხვათავ შორის, ასევე აჩვენებს, რომ აზერბაიჯანსა და მთიან ყარაბაღს შეუძლიათ იარსებონ, როგორც ორმა მეზობელმა სუვერენულმა სახელმწიფომ”.

 

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარენ მირზოიანის აზრით, 1994 წლის 12 მაისს დადგენილმა ზავმა ყარაბაღი-აზერბაიჯანის კონფლიქტი პოლიტიკურ სიბრტყეზე გადაიყვანა, რამაც ყარაბაღის მოსახლეობას შესაძლებლობა მისცა, რომ სახელმწიფოებრიობის მშენებლობასა და განვითარებაზე მოეხდინა კონცენტრირება:

“ჯერ ვერ შევძელით ზავი გადავაქციოთ საბოლოო და სტაბილურ მშვიდობად. რეალური პროგრესის ძირითად წინაღობად აზერბაიჯანის დესტრუქციული პოლიტიკა რჩება,” – განაცხადა მინისტრმა ჩვენთან საუბარში.

კარენ მირზოიანი - მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი
კარენ მირზოიანი – მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი

 

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ყარაბაღი, რომელიც ერთგული რჩება აზერბაიჯანსა და მთიან ყარაბაღს შორის კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი და მოლაპარაკების გზით დარეგულირებისა, კიდევ ერთხელ გამოდის წინადადებით, რომ განხილულ იქნას პაკეტი უსაფრთხოებისა და ნდობის განმტკიცების ზომების შესახებ.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 20 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებებით გამოვიდნენ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები, რომლებმაც მოუწოდეს  რეგიონის მოსახლეობას, რომ დაფიქრდნენ ბოლო ორი ათწლეულის მემკვიდრეობაზე:

“ამ შეთანხმებამ ბოლო მოუღო ნამდვილ ომს, შეაჩერა წინა წლების ტრაგიკული ძალადობა და შექმნა მოლაპარაკებების საფუძველი მხარეებს შორის მშვიდობის მისაღწევად. მიღწეული ზავის წყალობით სომხებისა და აზერბაიჯენელების ახალი თაობა გაიზარდა ისე, რომ აღარ იციან ომის საშინელება. მხარეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ დაიცვან მომავალი თაობა ასეთი გამოცდილებისგან”, – ნათქვამია განცხადებაში.

თუმცა, როგორც თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, ზავის შესახებ შეთანხმება ვერ წყვეტს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პრობლემას:

“ოკუპირებული რჩება მთიანი ყარაბაღის ირგვლივ ტერიტორია და შეთანხმებამ ვერ მოაგვარა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სტატუსი”.

განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ მხარეები არ იჩენენ დიდ სურვილს, რომ გამოიყენონ თანათავმჯდომარეების მიერ შეთავაზებული შესაძლებლობები და  პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რაც აუცილებელია მშვიდობიანი პროცესის პროგრესისთვის:

“ჩვენ ვიზიარებთ საერთო პოზიციას ამ კონფლიქტთან დაკავშირებით და უწინდებურად მყარად ვრჩებით ერთგულნი, რომ აღმოვუჩინოთ დახმარება მხარეებს, რათა მიაღწიონ მშვიდობიან დარეგულირებას უმოკლეს ვადებში ჰელსინკის დასკვნითი აქტის და გაეროს წესდების პრინციპების საფუძველზე, რომლებიც ეხება ძალის გამოუყენებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, თანასწორობას და ადამიანების თვითგამორკვევის უფლებას”.

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები მოუწოდებენ მხარეებს, რომ დაიწყონ კონსტრუქციული მოლაპარაკებები, რომელიც მივა მშვიდობიან შეთანხმებამდე და კონფლიქტის საბოლოოდ მოგვარებამდე:

“ეს შეუძლებელი იქნება ნდობისა და ურთერთგაგების გარეშე სომეხ და აზერბაიჯანელ ხალხს შორის. სომხები და აზერბაიჯანელები იმსახურებენ, რომ იცხოვრონ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ და ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ მათ ამაში. მხარეებმა საჭირო ზომები უნდა მიიღონ მშვიდობის უზრუნველსაყოფად”.

განცხადებებით გამოვიდნენ, ასევე, ევროპარლამენტის წევრები – ელენ თეოხარუსი, ფრანკ ენგელი, ტატიანი ჟდანოკი, ევალდ შტადლერი, ინაკი ირაზაბალბეიტა, მიშელ რივაზი და ესპანეთის პარლამენტის დეპუტატი ჯონ ინარიტუ.

“სამწუხაროდ, ყველა ძალისხმევის მიუხედავად, ზავის 20 წლიანი რეჟიმი ვერ ტრანსფორმირდა სტაბილურ მშვიდობად. პერიოდულად ვიღებთ საგანგაშო ამბებს გამყოფ ხაზზე ინციდენტების შესახებ, რასაც მოსდევს ახალგაზრდა ჯარისკაცების დაღუპვა ორივე მხარეს და რამაც შეიძლება გამოიწვიოს საომარი მოქმედებების განახლება,” – ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

დეპუტატებმა მაღალი შეფასება მისცეს იმ ფაქტს, რომ მთიანმა ყარაბაღმა და სომხეთმა არაერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით მოგვარებას უჭერენ მხარს, ეუთოს მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში. მათ არაერთხელ განაცხადეს თავიანთი მზაობის შესახებ, რომ გაიყვანენ სნაიპერებს გამყოფი ხაზიდან, რათა ხელი შეუწყონ ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას.

აზერბაიჯანი-ყარაბაღის გამყოფ ხაზზე
აზერბაიჯანი-ყარაბაღის გამყოფ ხაზზე

 

“20 წლისთავთან დაკავშირებით გვსურს ვისარგებლოთ შემთხვევით და მოვუწოდოთ აზერბაიჯანის მთავრობას, რომ გაიყვანოს სნაიპერები გამყოფი ხაზიდან და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრიდან, რათა თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანმა აიღოს კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით დარეგულირების ვალდებულება,” – ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

დეპუტატებმა მოუწოდეს ევროკავშირს, მხარი დაუჭირონ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ძალისხმევას მშვიდობის განმტკიცების პროცესში კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების მისაღწევად ისე, რომ ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, რაც აღიარებულია ევროპაში, ხელმისაწვდომი გახდეს მეზობელ ქვეყნებშიც.

რა იქნება შემდეგ? – ამ კითხვაზე პასუხი ყარაბაღში ჯერ არავის აქვს, რამდენადაც იგი არ მონაწილეობს ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების მოლაპარაკებებში, რომლის მაგიდაზეც დევს სომხური მხარისთვის მიუღებელი “მადრიდის პრინციპები”, რაზეც არაერთხელ განაცხადა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მთავრობამ. ისინი მიუღებელია როგორც დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის, ისე საზღვრისპირა დასახლებული პუნქტებისთვის.

 

რა შედეგამდე მივლენ მოლაპარაკებების მონაწილეები, ჯერ უცნობია. ნათელია ერთი: ამ გადაწყვეტილებებმა უნდა შეცვალოს ყარაბაღის მოსახლეობის ცხოვრება. სწორედ ამიტომ ყარაბაღის მხარე მუდმივად ამტკიცებს, რომ მისი უშუალო მონაწილეობის გარეშე საბოლოო შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია.


ბიოლის ფონდის ლოგო
ბიოლის ფონდის ლოგო
სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი