ახალი ამბები

დაპირისპირება პარლამენტთან – ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა

10 ნოემბერი, 2018 • 4311
დაპირისპირება პარლამენტთან – ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა

რუსთაველის გამზირზე, სადაც ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

გაწევ-გამოწევა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელებმა აქციის რამდენიმე მონაწილისათვის კარვების წართმევა სცადეს. ინციდენტის დროს შეუძლოდ გახდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე.

შემდგომ მან მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს მიმართა; მოუწოდა, პარლამენტთან მივიდეს და აქციის მონაწილეებს კანონით გათვალისწინებული უფლების აღსრულებაში დაეხმაროს.

“ეს იყო კალაძის და ხელისუფლების პასუხი ჩემს მიმართ. მე ამათ თავს შევაკლავ და ბრძოლას გავაგრძელებ”, – თქვა სარალიძემ მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

“კარვებით ვიცავთ თავისუფლებას!” – ამ სახელწოდებით აქცია პარლამენტის წინ გუშინ დაიგეგმა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, დღეს, 20:00-ზე პარლამენტთან შეკრებილიყვნენ. აქციაზე აპროტესტებენ როგორც სარალიძე/მაჩალიკაშვილისთვის კარვის გაშლაში ხელშეშლას, ისე მერიის მოთხოვნას მათდამი, შეცვალონ აქციის ჩატარების ადგილი 7 დეკემბრამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი