“აღსანიშნავია, რომ მოცემულ კანდიდატს ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში არ უცხოვრია. უფრო კონკრეტულად: დადასტურებული ინფორმაციით, ირაკლი კაკულია 2008 წლიდან 2012 წლის ნოემბრის ჩათვლით ცხოვრობდა ყაზახეთში. იგი 2009-12 წლებში იყო ყაზახური კომპანიის, შპს “აკტაუსიბარიტის” დირექტორი და მოცემული წლების მანძილზე ჰქონდა ყაზახეთის ბინადრობის მოწმობა მუშაობის უფლებით,” – ნათქვამია საჩივარში.
საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ ირაკლი კაკულიას რეგისტრაციაში გადარებით უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რადგან საქართველოს საარჩევნო კოდექსის 167–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბმისად, მერად/გამგებლად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში. ამის გამო, საარჩევნო სუბიექტი “ჩვენი საქართველო” მოითხოვს, რომ ცესკომ გააუქმოს ირაკლი კაკულიას რეგისტრაცია.
აღნიშნული საჩივრის საფუძველზე ცესკომ წერილობით მიმართა ირაკლი კაკულიას, რომ მან წარმოადგინოს არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის მანძილზე მისი საქართველოში მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
იმის მიუხედავად, რომ ირაკლი კაკულია ფოთის მერის მოვალეობის შემსრულებელია, მისი ბიოგრაფიული მონაცემები ფოთის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, შესაბამის გრაფაში გამოქვეყნებული არ არის.
ფოთის მერობის კანდიდატად ირაკლი კაკულიამ დღეს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში წარადგინა.
დღესვე ცესკომ კიდევ ერთი საჩივარი მიიღო “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით იგივე მოტივაციით. კერძოდ, არასაპარლამენტო ოპოზიციამ რუსთავის მერობის კანდიდატის დავით ჯიქიას რეგისტრაციიდან მოხსნა მოითხოვა.
ანალოგიური ნიშნით ცესკომ სამი კვირის წინ უკვე გაუუქმა რეგისტრაცია ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც გორის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ამავე ქალაქის მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა.