ახალი ამბები

“ოცნების” რუსთავის მერობის კანდიდატს, შესაძლოა, რეგისტრაცია გაუუქმონ

18 მაისი, 2014 • • 2375
“ოცნების” რუსთავის მერობის კანდიდატს, შესაძლოა, რეგისტრაცია გაუუქმონ

შესაბამისი საჩივრით საარჩევნო ბლოკმა “კახა კუკავა,ფიქრია ჩიხრაძე“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 18 მაისს მიმართა.


საჩივარში აღნიშნულია:  


“ა/წ 17 მაისის განკარგულებით #20  რუსთავის  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით  საარჩევნო რეგისტრაციაში იქნა გატარებული  საარჩევნო ბლოკი  “ქართული ოცნების”  თვითმმართველი ქალაქის რუსთავის მერობის კანდიდატი დავით ჯიქია.


დავით ჯიქიას ბოლო ორი წელი საქართველოში არ უცხოვრია (იგი იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში, სადაც 2012 წლის ნოემბრამდე ჩართული იყო  ინგლისური ენის სპეციალურ პროგრამაში), შესაბამისად, მისი რეგისტრაციით რუსთავის ოლქმა დაარღვია კანონი”.  

დავით ჯიქია
დავით ჯიქია

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 167–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბმისად: “მერად/გამგებლად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში”.


აღნიშული საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე არასაპარლამენტო ოპოზიცია ცესკოს მიმართავს, რომ გაუქმდეს დავით ჯიქიას რეგისტრაცია საარჩევნო სუბიექტად.


ანალოგიური ნიშნით ცესკომ სამი კვირის წინ უკვე გაუუქმა რეგისტრაცია ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც გორის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ამავე ქალაქის მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა.


ცესკომ აღნიშნული საჩივრის საფუძველზე წერილობით მიმართა დავით ჯიქიას, რომ მან 19 მაისს, 16:00 საათამდე წარადგინოს არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის მანძილზე მისი საქართველოში მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.


ქალაქ რუსთავის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია დავით ჯიქიას, როგორც ქალაქის ამჟამინდელი მერის მოვალეობის შემსრულებლის ბიოგრაფია, სადაც წერია, რომ 2012 მაისი–ნოემბერში დავით ჯიქია სწავლობდა დიდ ბრიტანეთში, ლონდონის უმაღლესი სახელმწიფო სასწავლებლის “South Themes College London” აკადემიური ინგლისური ენის სპეციალური პროგრამით.

მასალების გადაბეჭდვის წესი