ახალი ამბები

პარლამენტთან სარალიძე/მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

9 ნოემბერი, 2018 • 1533
პარლამენტთან სარალიძე/მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

“კარვებით ვიცავთ თავისუფლებას!” – ამ სახელწოდებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია ჩაინიშნა.

ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, 10 ნოემბერს, 20:00-ზე პარლამენტთან მივიდნენ და შვილმკვდარი მამებისთვის მერიის მხრიდან შეკრების ადგილის შეცვლის მოთხოვნა, ასევე მათთვის ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე კარვის გაშლაში ხელის შეშლა გააპროტესტონ.

“ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ისევე როგორც საქართველოს სახალხო დამცველმა, არაერთხელ გავაკეთეთ მკაფიო განცხადებები, რომლის მიხედვითაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციის მონაწილეთათვის დროებითი კონსტრუქციის (კარვის) გაშლის ხელშეშლა საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის უხეშ დარღვევად და მშვიდობიანი შეკრების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევად შევაფასეთ.

სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა აბუჩად აგდებას და საკითხისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს წერილი, რომლითაც ზაზა სარალიძეს შეატყობინეს, რომ  7 დეკემბრიდან აქციის მონაწილეებმა ლოკაცია შეცვალონ, რადგან რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხის დადგმა იგეგმება.

შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია ადამიანებმა საკუთარი აქტიურობით დაიცვან კონსტიტუციური უფლებები და ამით მკაფიო შეტყობინება გაუგზავნონ ხელისუფალს. აქციის ორგანიზატორმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გადავწყვიტეთ ჩვენი პროტესტი ხელისუფლებისადმი და სოლიდარობა შვილმკვდარი მამებისადმი ამ ფორმით გამოვხატოთ და მოგიწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, შემოგვიერთდეთ”, – ვკითხულობთ მანიფესტაციის ანონსში.

აქციის ორგანიზატორთა შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაციები: “საფარი”, “სამართლიანი არჩევნები”, “საია”, “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, საქართაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”.

გასაყოფი არაფერი შეიძლება გვქონდეს — მაჩალიკაშვილი რობაქიძე-გირგვლიანის ოჯახებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი