ახალი ამბები

შეუძლიათ ნახონ სხვა ადგილი, სადაც საახალწლო ღონისძიებები არ იქნება – კალაძე სარალიძე/მაჩალიკაშვილზე

9 ნოემბერი, 2018 • 2528
შეუძლიათ ნახონ სხვა ადგილი, სადაც საახალწლო ღონისძიებები არ იქნება – კალაძე სარალიძე/მაჩალიკაშვილზე

“კანონი არის მარტივი გამოსავალი ყველასთვის”, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე კითხვას, თუ მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის პერიოდში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას არ დატოვებენ, როგორ გადაწყდება პრობლემა.

“მათ [სარალიძემ და მაჩალიკაშვილმა] კანონის შესაბამისად მომართეს მერიას და ჰქონდათ სურვილი, დეკემბრის ბოლომდე გაეგრძელებინათ თავიანთი აქცია დავარქვათ ამას თუ გამოხატვის შესაძლებლობა. ჩვენც კანონის თანახმად განვუმარტეთ მათ და მივწერეთ, რომ შეუძლებელი იქნება ამ კონკრეტული ადგილის გამოყენება, რადგან დედაქალაქის მერია ემზადება საახალწლო ღონისძიებებისთვის და მათ აქვთ შესალძლებლობა ნახონ სხვა ადგილი, სადაც არ იქნება საახალწლო ღონისძიებები, რომ ხელის შეშლა არ მოხდეს და მათ მიეცემათ ამის უფლება”, – აცხადებს კალაძე.

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ თბილისის მერიისგან მიიღო გაფრთხილება, შეცვალოს აქციის ადგილი, რადგან მერია პარლამენტთან საახალწლოდ ნაძვის ხის აღმართვას აპირებს.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომლებიც მესამე თვეა, შვილების მკლელობის გამოძიების მოთხოვნით პარლამენტთან აქციებს მართავენ, არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას და მერიის მოთხოვნის შესრულებას.

როგორც 9 ნოემბერს სარალიძემ თქვა, პირველ ნოემბერს თბილისის მერიას მიმართა აქციების გაგრძელების ნებართვისთვის 31 დეკემბრამდე. მისივე თქმით, პასუხად მიიღო შეტყობინება, რომ საახალწლო სამზადისის გამო აქციის ადგილმდებარეობა უნდა შეცვალოს, “იქიდან გამომდინარე, რომ აქ აპირებენ ნაძვის ხის აღმართვას”.

“[ამ წერილით] პირდაპირ გვითხრა დღეს ხელისუფლებამ, სადაც გინდათ, იქ იყავით, ჩვენ არანაირი ნაბიჯს არ გადავდგამთ თქვენს მოთხოვნაზეო. არ მისცემენ პასუხისგებაში ჩვენი შვილების მკვლელებს და საერთოდ არაფრის გამოძიებას არ აპირებენ. ეს წერია პირდაპირ ამ წერილში”,- თქვა სარალიძემ.

“აქედან ფეხს არ გავადგამთ არსად”, — თქვა მაჩალიკაშვილმა.

სარალიძე-მაჩალიკაშვილს დღემდე არ აძლევენ პარლამენტთან კარვის აღმართვის უფლებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი