ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რატომ ვერ აღნიშნეს სომხეთში ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე

17 მაისი, 2014 • • 1169
რატომ ვერ აღნიშნეს სომხეთში ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე

ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით უფლებადამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა (“ჰელსინკის ასოციაციამ” და “საზოგადოებრივი ინფორმაციისა და ცოდნის საჭიროება”) გაავრცელეს განცხადება. ასევე, მათი ინიციატივა იყო ვიდეოკლიპების მომზადება, დევიზით – “ჰომოფობიის წინააღმდეგი ვარ”, რასაც სომხეთის ათობით მოქალაქე შეუერთდა სოლიდარობისა და ტოლერანტობის მოწოდებით.

 

ორგანიზაციამ “საზოგადოებრივი ინფორმაციისა და ცოდნის საჭიროება” წერილობით მიმართა პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, ომბუდსმენსა და იუსტიციის მინისტრს. წერილში საუბარია “აშკარად გამოხატულ ჰომოფობიაზე” სომხეთში მცხოვრები ლგბტ ადამიანების მიმართ, ასევე, მათი უფლებების დარღვევაზე, ამ ადამიანების სიძულვილის ნიადაგზე მომხდარ დანაშაულებზე და ამ კუთხით ქვეყანაში უკანონობის ატმოსფეროს შექმნაზე.

 

წერილის ავტორებმა მთავრობას შეახსენეს სომხეთის კონსტიტუციის 14.1 მუხლი, რომლითაც აკრძალულია დისკრიმინაცია სქესის, რასის, კანის ფერის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, გენეტიკის, ენის, რელიგიის, მსოფლმხედველობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების, ასაკის, უნარშეზღუდულობის ან პიროვნული და სოციალური ხასიათის გარემოებებით.

 

2008 წლის დეკემბერში სომხეთი შეუერთდა გაეროს დეკლარაციას, რომელიც მიმართულია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული ნიშნით ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დისკრიმინაციის წინააღმდეგ. 2009 წლის მაისში სომხეთმა ხელი მოაწერა ევროკავშირის დეკლარაციას, რომელიც ეხებოდა ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს და რომლითაც ევროკავშირი გამოდის ჰომოფობიის ყოველგვარი გამოვლინების წინააღმდეგ, რადგან იგი ადამიანის ღირსების შელახვად მიაჩნია.

 

სომხეთში 2003 წელს მოხდა ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია, თუმცა ეს ფაქტი არ აღმოჩნდა საკმარისი ამ ადამიანების მიმართ დამოკიდებულების შესაცვლელად: ლგბტ თემი უწინდებურად მიუღებელი რჩება საზოგადოებისთვის და ისინი პრაქტიკულად ღიად არ ჩანან.

 

არც ისე ცოტა ხნის წინ პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია სოციოლოგიური კვლევების თაობაზე, რომლის მიხედვითაც, სომხეთში მოსახლეობა უფრო მეტად ტოლერანტულია ლგბტ თემის მიმართ, ვიდრე რუსეთსა და აზერბაიჯანში, ხოლო უფრო ნაკლები მიმღებლობა აქვთ, ვიდრე  საქართველოში.


ეს თემა ცხარე კამათს იწვევს საზოგადოებაში, თუმცა ამ ბრძოლაში უფლებადამცველები, როგორც წესი, უმცირესობაში რჩებიან. საქმე იქამდე მივიდა, რომ ევროკავშირთან ასოცირების მომხრეებს სწორედ გარყვნილი ჰომოფილური ევროპით აშინებენ ხოლმე, სომხეთში კი ძველ ტრადიციებსა და ოჯახურ წესებს დიდ პატივს სცემენ.

 

სანამ სომხეთის ქალაქების ქუჩებში გეები და ლესბოსელები ღიად არ ჩანან, ქვეყანას მშვიდად ძინავს, მაგრამ თუკი ისინი ქუჩაში გამოსვლას და მათი უფლებების დარღვევის თაობაზე განაცხადების გაკეთებას გაბედავენ, მაშინვე ირგვლივ აღმოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მათ უბრალოდ სცემენ.


საკმარისია გავიხსენოთ 2 წლის წინ მომხდარი ფაქტი, როდესაც ერევნის ცენტრში კლუბი დაწვეს, სადაც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები იკრიბებოდნენ, ასევე, დაარბიეს ახალგაზრდების “მრავალფეროვნების მსვლელობა”, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მათ აქციას არავითარი საერთო არ ჰქონდა გეი აღლუმთან.

მრავალფეროვნების მსვლელობა, რომელიც 2012 წელს დაარბიეს სომხეთში
მრავალფეროვნების მსვლელობა, რომელიც 2012 წელს დაარბიეს სომხეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი