საქართველოს აეროპორტებით 10 თვეში 4 მილიონზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა – აეროპორტების გაერთიანება

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ინფორმაციით, 2018 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრების ნაკადი 23%-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ აეროპორტებით, ჯამში,  4 354 423 მგზავრმა ისარგებლა.

რაც შეეხება ოქტომბრის თქვეს, ამ პერიოდში ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების ნაკადი გაიზარდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ოქტომბერში 335 094 მგზავრს მოემსახურა, რაც 18%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წელი – 284 329 მგზავრი ). 10 თვეში ზრდამ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21% შეადგინა (2017 წელი – 2 724 740 მგზავრი).

რაც შეეხებ ქუთაისს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2018 წლის ოქტომბერში 78%-ით გაიზარდა და 62 000 მგზავრი შეადგინა (2017 წლის ოქტომბერი – 34 874 მგზავრი). რაც შეეხება 10 თვის მონაცემებს, ჯამში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 512 386 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 39%-ით მეტია (2017 წლის 10 თვე – 359 961 მგზავრი).

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის ოქტომბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 41 980-მა მგზავრმა ისარგებლა. ეს 11%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წლის ოქტომბერი – 37 660 მგზავრი). ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის იანვარ- ოქტომბერში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრების ნაკადი 19%-ით გაიზარდა და 555 693 მგზავრი შეადგინა (2017 წელი 466 010 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით 2018 წლის 10 თვეში 7 601-მა მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 10 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში, ჯამში, 362 რეისი შესრულდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან