ახალი ამბები

საპროტესტო დღესასწაული – ვინ რას გეგმავს 17 მაისს

16 მაისი, 2014 • • 1804
საპროტესტო დღესასწაული – ვინ რას გეგმავს 17 მაისს

ამ დღესასწაულის ფარგლებში თბილისში დაგეგმილია მსვლელობა, ასევე, მასშტაბური საპროტესტო აქცია ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ.


მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ერთ–ერთმა ლიდერმა ავთანდილ უნგიაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ 17 მაისს მრევლი შეკრებას დილიდან დაიწყებს თბილისში, ფილარმონიის შენობასთან. 10:00 საათიდან ფილარმონიიდან დაიწყება მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობას სასულიერო პირებიც მიიღებენ. მსვლელობა რუსთაველის გავლით სამების ტაძრამდე გაგრძელდება, სადაც 12:00 საათზე მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი სავედრებელ პარაკლისს გადაიხდის.

“როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა- კურთხევით 17 მაისი გამოცხადდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღედ. ამ დღეს საქართველოს ყველა მომქმედ ტაძარში 12 საათზე აღევლინება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პარაკლისი, რათა დედა ღვთისამ თავისი მფარველი კალთა გადააფაროს ჩვენს ოჯახებს. შემდეგ კი მოხდება ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიების და ქუჩების კურთხევა. წმ. სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და 12 სთ-დან დღის ბოლომდე დაბრძანებული იქნება ჩვენი ერის განსაკუთრებული სიწმინდეები: ღვთისმშობლის მიერ ბოძებული წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი და წმინდა დავით გარეჯელის მადლის ქვა, რათა, როგორც მთელ ოჯახებს, ისე ცალკეულ ადამიანებს, მიეცეთ შესაძლებლობა, ემთხვიონ მათ და დაილოცონ მათი მადლით. მისი უწმინდესობის კურთხევაა, ამ დღის აღსანიშნავად ტრადიციად დადგინდეს, რომ მშობლებმა მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებით დალოცონ თავისი შვილები თითოეული ცალ-ცალკე, ხოლო შვილებმა მშობლებს მიართვან საჩუქრები და ტაძარში დაუნთონ სანთლები. მისი უწმინდესობა კი, როგორც ერის სულიერი მამა, პარაკლისის შემდეგ წაიკითხავს სპეციალურ ლოცვას და დალოცავს ყველა მორწმუნეს, – მშობლებსაც და შვილებსაც. იგივეს აღასრულებენ მღვდელმთავრები და სასულიერო პირები თავის ეპარქიებში”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში, რომელიც დღეს, 16 მაისს გავრცელდა.

13:00 საათზე  რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ყოფილ შენობასთან სრულიად საქართველოს გვარის წინამძღოლთა დარბაზი გეგმავს მასშტაბური მიტინგის გამართვას, რომელსაც ექნება ტრიბუნა და სიტყვით გამომსვლელებიც ეყოლება. გვარის წინამძღოლთა დარბაზის წარმომადგენელმა და აქციის ორგანიზატორმა მიხეილ ანდღულაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ აქციის თაობაზე მერია უკვე საქმის კურსშია. აღნიშნული მიტინგის მონაწილეები აპროტესებენ კანონს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ და მოითხოვენ იმ ნაწილის გაუქმებას, რომლის მიხედვითაც დისკრიმინაციის საფუძვლად სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობაცაა ფორმულირებული:

“აქ იქნება ფართომასშტაბიანი მანიფესტაცია საქართველოს პატრიარქის მოწოდების მხარდასაჭერად, რომლის მიხედვითაც ხვალ ეროვნული დღესასწაულის დაფუძნება ხდება, ოჯახის სიმტკიცის და მშობლების პატივისცემის. გარდა ამისა, ჩვენ გვსურს შევუერთდეთ პატრიარქის  პათოსს ანტიდისკრიმინაციული კანონის თაობაზე და მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ამოღებულ იქნას ეკლესიისა და საზოგადოებისთვის მიუღებელი ფორმულირებები: სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა. მიტინგზე იქნება გამოსვლები, საზოაგდოების წარჩინებული სახეები გამოვლენ და თავიანთ მოსაზრებებს გაცნობენ საზოგადოებას”, – აცხადებს ანდღულაძე.

 

მისივე თქმით, თბილისის მერობის კანდიდატის მიხეილ-გელა სალუაშვილის პარტიამ, “უფალია ჩვენი სიმართლე”, პარლამენტში შეიტნა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ზემოხსენებული ფორმულირებების ამოღებას ითვალისწინებს, თუმცა იმისათვის, რომ ცვლილება საკნაონმდებლო ინიციატივად იქცეს და პარლამენტში მისი განხილვა მოხდეს, მინიმუ 30 ათასი ადამიანის ხელმოწერაა საჭირო:

“ამიტომ აქციაზე  იქნება მაგიდები, სადაც შეგროვდება ხელმოწერები”.

 

მიხეილ ანდღულაძეც და ავთანდილ უნგიაძეც ამბობენ, რომ ის ადამიანები, მათ შორის სასულიერო პირებიც, რომლებიც ფილარმონიიდან სამებამდე მსვლელობაში მიიღებენ მონაწილეობას, სავარაუდოდ, 13:00 საათზე პარლამენტის ყოფილ შენობასთან გადაინაცვლებენ და საპროტესტო დემონსტრაციას შეუერთდებიან.

14:00 საათზე რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციას კიდევ ერთი ჯგუფი გეგმავს, რომელიც ასევე აპროტესტებს ანტიდისკრიმინაციულ კანონს და “ლგბტ პროპაგანდის” აკრძალვას მოითხოვს, საუბარია დევნილთა ახალგაზრდულ ორგანიზაციაზე. ამ დასახელების ორგანიზაცია საჯარო რეესტრის ბაზაში არ იძებნება, თუმცა ვაკო ფაჟავა, რომელიც მისი თავმჯდომარეა, ამბობს, რომ იქ რამდენიმე ასეული ახალგაზრდაა გაერთიანებული. რამდენიმე დღის წინ ამ ორგანიზაციაზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ახალგაზრდების ჯგუფი 17 მაისს საქართველოში სარკინიგზო მაგისტრალებისა და ქუჩების გადაკეტვას გეგმავს, თუმცა ფაჟავამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ საუბარია მხოლოდ თბილისში რუსთაველის გამზირის გადაკეტვაზე. შეკრებისა და მანიფისტაციების შესახებ კანონის მიხედვით, საავტომობილო გზის გადაკეტვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ მომიტინგეები ტროტუარზე ვერ ეტევიან. ფაჟავა იმედოვნებს, რომ მათ დემონსტრაციას ადამიანთა საკმარისი რაოდენობა შეუერთდება.  აღსანიშნავია, რომ რუსთაველი შესაძლოა 13:00 საათზე საქართველოს გვარის წინამძღოლთა დარბაზის მიტინგის შედეგადაც გადაიკეტოს, თუმცა ფაჟავა ამბობს, რომ ისინი აქციას ამ ჯგუფისაგან დამოუკიდებლად მართავენ. მისი თქმით, რუსთაველის გამზირის გარდა შესაძლოა თბილისში სხვა ქუჩებიც გადაკეტონ, თუმცა კონკრეტიკისაგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

 

რაც შეეხება ლგბტ თემს, ისინი 17 მაისს საჯარო სივრცეში არავითარი ღონისძიების გამართვას არ აპირებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა”, რომელიც ლგბტ თემის პრობლემებზე მუშაობს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ვირტუალურ სივრცეში აღნიშნავს. რაიმე საჯარო ღონისძიებას ჰომოფობიის წინააღმდეგ არც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები გეგმავენ. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ეს საკითხი პირდაპირ უკავშირდება უსაფრთხოების რისკებს:


 

“2013 წლის 17 მაისის გათვალისწინებით, როდესაც ანტიჰომოფობიურ აქციას კონტრდემონსტრანტების მხრიდან მასშტაბური და კოლექტიური ძალადობა მოჰყვა და სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო შეკრების თავისუფლების დაცვა და ეკლესიის მხრიდან სეკულარული წონასწორობის დარღვევეის მცდელობა ვერ შეაკავა… სწორედ ამ პოლიტიკურმა კონტექსტმა განაპირობა ის, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს ლგბტ პირების უფლებებზე მომუშავე ორგანიზციებმა უარი თქვეს შეკრების გამართვაზე. არსებობს უსაფრთხოების სერიოზული პრობლემა და განცდა იმისა, რომ სახელმწიფომ შესაძლოა, ეფექტური პრევენციული ღონისძიებები მიიღოს, არ არსებობს”.

 

ანტიჰომოფობიურ ღონისძიებას არც საია გეგმავს, რომელიც შარშანდელ 17 მაისსაც აქციების მონიტორინგით შემოიფრაგლა. ასეთ ღონისძიების გამართვას არც “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” აპირებს:

 

“ჩვენი ორგანიზცია შარშანაც ძირითადად მონიტორინგის ფუნქციით იყო დაკავებული, რაც სახელმწიფოს ქცევის მონიტორინგს გულისხმობდა, თუ რამდენად უზრუნლვეყოფდა [ანტიჰომოფობიური] აქციისა და კონტრმიტინგის მშვიდობიან გარემოში ჩატარებას. რადგან წელს კონტრაციქები არ იგეგმება, ჩვენც ბუნებრივია ამ სამონიტორინგო ფუნქციას არ ვახორციელებთ, თუმცა ვუერთდებით განცხადებას, რომელიც დღეს გავრცელდება და მხარდაჭერას ვუცხადებით იმ ადამიანებს, რომლებიც ათწლეულების და ასწლეულების განმავლობაში საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გამო იდევნებოდნენ. რაც შეეხება ასეთ ღონისძიებას, ზოგადად თუკი ასეთი ღონისძიება იქნებოდა, ჩვენ გქვონდა სურვილი, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას ერთად გაგკვკეთებინა კოორდინირებულად, თუმცა მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თვითონ იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ძირითადად ლგბტ საკითხებზე მუშაობით არიან დაკავებული, რომ თავი შეეკავებინათ ასეთი ტიპის ღონისძიებების ჩატარებისაგან, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე და [დამოუკიდებლად] ჩვენც არ ვგეგმავთ რაიმე ღონისძიებას”, – ამბობს გიორგი მშვენიერაძე საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენელი. ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ღონისძიებას არც სახალხო დამცველი გამართავს, რომელიც 17 მაისთან დაკავშირებით მხოლოდ განცხადების გავრცელებით შემოიფარგლა. ნეტგაზეთი დაინტერესდა, რატომ არ გეგმავს არავითარ საჯარო ღონისძიებას ომბუდსმენი, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგს აკეთებს და სხვადასხვა უმცირესობის ღონისძიებებშიც მონაწილეობს ხოლმე. მიზეზებზე საუბრისას, ომბუდსმენის პრესსამსახურში განაცხადეს:

 

“მიზეზი რატომ უნდა იყოს, რა ღონისძიება უნდა იყოს დაგეგმილი, სავალდებულო ხომ არ არის ღონისძიების დაგეგმვა?!”.

 

17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო დღეს 2004 წლიდან აღნიშნავენ. 2013 წელს, მაშინ, როდესაც უფლებადამცველბსა და ლგბტ აქტივისტებს თბილისში ღონისძიების ჩატარების საშუალება არ მიეცათ, მსგავსი აქცია მსოფლიოს 120 ქვეყანაში ჩატარდა. 17 მაისი არის დღე, როდესაც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია დაავადებათა კლასიფიკაციიდან ამოიღო. ეს მოხდა 1990 წელს.

 

2013 წლის 17 მაისს თბილისში ათასობით ადამიანი, მათ შორის მღვდლები დაუპირისპირდნენ ანტიჰომოფობიურ აქციას.


 ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას აპროტესტებენ, რუსთაველის გამზირი, თბილისი,2013
ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას აპროტესტებენ, რუსთაველის გამზირი, თბილისი,2013


პროკურატურამ ბრალი ორ სასულიერო პირს, იოთამ ბასილაიასა და ანთიმოზ ბიჩინაშვილს წაუყენა, თუმცა არქიმანდრიტ ანთიმოზ ბიჩინაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა შეწყდა. რაც შეეხება მეორე სასულიერო პირს, იოთამ ბასილაიას, გასული წლის 17 მაისიდან ერთი წლისთავზე მისი სასამართლო პროცესი ჯერაც არ დასრულებულა. მას ბრალი შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლაში ედება – ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. მუხლი, რომლითაც სასულიერო პირებს წაუყენეს ბრალი, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.


ნეტგაზეთი დაინტერესდა, რას აპირებს 2014 წელს პოლიცია უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რაზეც შსს–ში გვიპასუხეს, რომ “სამართლამდაცველები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი