ახალი ამბები

ოპოზიცია სარალიძის საქმეზე პარლამენტისგან რეზოლუციას ითხოვს, ოცნებისთვის ეს “ამორალურია”

7 ნოემბერი, 2018 •
ოპოზიცია სარალიძის საქმეზე პარლამენტისგან რეზოლუციას ითხოვს, ოცნებისთვის ეს “ამორალურია”

“ევროპული საქართველო” ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესრულებას ითხოვს. პარტიის ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ისინი პარლამენტში რეზოლუციის პროექტს შეიტანენ, რომლის მთავარი მოთხოვნაც რეკომენდაციების შესრულებაა.

ბაქრაძის შეფასებით, რეზოლუციის მხარდაჭერა საპარლამენტო უმრავლესობისთვის გარკვეული ტესტი იქნება, მართლაც გაიგო თუ არა ხელისუფლებამ ის მოთხოვნები, რაც საზოგადოებას აქვს.

კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის თქმით, ეს რეკომენდაციები ეხება მ.კ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნისა და მირზა სუბელიანზე გამოძიების დაწყებას.

სერგი კაპანაძე ამბობს, რომ უნდა დაისაჯონ ის თანამდებობის პირებიც, რომლებიც მოზარდების ჩხუბის საქმის მიჩქმალვაში იღებდნენ მონაწილეობას.

“ვითხოვთ, ამ საკითხებზე სასაუბროდ შს მინისტრი და მთავარი პროკურორი პარლამენტში მოვიდნენ. ეს არის მოკლე შინაარსი ჩვენი რეზოლუციისა, რომელიც პარლამენტში მალე დარეგისტრირდება. ჩვენ ველით საკანონმდებლო ორგანოსგან ამ საკითხზე რეაგირებას”, – აცხადებს სერგი კაპანაძე.

კომისიის დასკვნა სექტემბერში გამოქვეყნდა, დოკუმენტის ავტორი კომისიაში შემავალი “ევროპული საქართველოს” დეპუტატები არიან. დასკვნა 78 გვერდს მოიცავს და ხუთ თავად არის დაყოფილი. პირველი თავი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასა და საქმიანობას ეხება. მეორე თავში  საგამოძიებო კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებია მიმოხილული. დასკვნის მესამე თავი კომისიის მიერ გამოვლენილ დარღვევებს ეხება. მეოთხე თავში სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნაზეა საუბარი. ბოლო თავში კი კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებია ასახული.

საგამოძიებო კომისიამ მიიჩნია, რომ კონფლიქტის მონაწილე მ.კ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს განზრახ ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით.

ამასთან, საგამოძიებო კომისია მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს მირზა სუბელიანის ქმედებებზეც. კერძოდ, კომისიამ მიიჩნია, რომ მომხდარის პირველივე დღეებიდან გაჩნდა ეჭვი, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი ორი არასრულწოვნის მკვლელობის გამოძიება, შეიძლება, მიკერძოებულად წარმართულიყო, რადგან მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა საქართველოს პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირის, მირზა სუბელიანის შვილი.

საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებას აკრიტიკებენ უმრავლესობაში. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “ევროპული საქართველოს” განცხადებას ამორალურად აფასებს და აცხადებს, რომ ამის თაობაზე “მეტს ვერაფერს იტყვის”.

უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი კი “ევროპული საქართველოს” დასკვნას პოლიტიზებულს უწოდებს და ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ მისი წამოწევა უზნეობაა. ცქიტიშვილის თქმით, არსებობს ალტერნატიული დებულება, რომლის შესრულების საკითხსაც საარჩევნო პერიოდის დასრულების შემდეგ დაუბრუნდებიან და განიხილავენ.

თამარ ჩუგოშვილი კი აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუსმენენ, თუმცა ეს მოხდება საარჩევნო პერიოდის დასრულების შემდეგ:

აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბუნებრივია, მზად არიან და პარლამენტიც იმისთვის, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მოვისმინოთ, როგორ მიმდინარეობს პარლამენტის მითითებების შესრულება .

ჩვენ თავიდან გვქონდა შეთანხმება, რომ ეს არჩევნების დასრულების შემდეგ უნდა მომხდარიყო, რათა ამ თემის ზედმეგი პოლიტიზება თავიდან აგვეცილებინა და რეალურად მოგვესმინა, პარლამენტის რეკომენდაციის შესრულება როგორ მიდის. რაც შეეხება რიცხვს, დროს და ფორმატს ,ამ ეტაპზე ეს ინფორმაცია არ მაქვს”, – ამბობს ჩუგოშვილი.


1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე. ამ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი