ახალი ამბები

აგროვებს თუ არა პოლიცია მოქალაქეების სექსუალური ორიენტაციის შესახებ მონაცემებს

15 მაისი, 2014 • • 4661
აგროვებს თუ არა პოლიცია მოქალაქეების სექსუალური ორიენტაციის შესახებ მონაცემებს

თბილისში მდებარე ღამის კლუბ “გალერეას” (Gallery) მენეჯერი ვიოლეტა ყოლბაია აცხადებს, რომ 14 მაისს მათთან კაფეში პოლიციის #7 განყოფილების წარმომადგენლები მივიდნენ და კლუბის თანამშრომლების სექსუალური ორიენტაციის შესახებ პერსონალური ინფორმაციის მიწოდება მოითხოვეს.


“დაახლოებით 22:00 საათზე კაფეში მოვიდა 3 პოლიციელი, რომელთაც ფორმები ეცვათ. ორს ეცვა პოლიციის ჩვეულებრივი ფორმა, ხოლო მესამეს – შავი ქურთუკი, ზურგზე წარწერით – პოლიცია. ამ ერთს ვიცი, რომ დათო ჰქვია და პოლიციის მე–7 განყოფილებაში მუშაობს, რომელიც თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. მის გვარს ვარკვევთ. მე მისი სახელი ვიცი იქიდან გამომდინარე, რომ ადრე რაღაც საქმეზე მიბარებდნენ პოლიციაში და სახეზე ვიცნობ ამ ადამიანს.

 

მე და დაცვის უფროსი ვისხედით კაფეში, იქვე იყო ერთი ბარმენი გოგონა და 2 კლიენტი. მოვიდნენ ეს პოლიციელები და მეუბნებიან – სიები გვინდაო. რა სიები–მეთქი და მიპასუხეს: ვინ მუშაობს თქვენთან გეი, ტრანსგენდერი ან ლესბოსელიო. ვიცით, რომ ეს ადამიანები თქვენთან მუშაობენო. რას ნიშნავს სიის მოცემა–მეთქი, როცა ვკითხე, მითხრეს, რომ ფურცელზე უნდა დაწეროთ სახელები და გვარები, როდის დაიბადნენ, სად ცხოვობენ და პლუს – გეია, ლესობესელია თუ ტრანსგენდერიაო. თავიდან გავიცინეთ, იმიტომ, რომ ხუმრობა გვეგონა. მე ვუთხარი, ადამიანებს არ ვეკითხებით ასეთ რაღაცებს–მეთქი. მითხრეს, შენ ხომ არ გგონია, რომ ჩვენ ამ საქმეზე სიარული გვიხარიაო, ჩატარდა თათბირი და გამოგვიშვესო, არა მარტო Gallery-ში, არამედ სხვა დაწესებულებებშიცო. ესენი როდესაც წავიდნენ, ჩვენ დავაკვირდით, მაგრამ სხვა დაწესებულებებში არ შესულან, ანუ მარტო ჩვენთან იყვნენ და მოგვატყუეს”, – აცხადებს ვიოლეტა ყოლბაია “ნეტგაზეთთან” საუბარში.


კაფე Gallery/ფოტო: პირველი რადიო
კაფე Gallery/ფოტო: პირველი რადიო

ყოლბაია ამბობს, რომ  მას პოლიციელების მოთხოვნა არ შეუსრულებია და მათთვის არავითარი სია არ გადაუცია:

“გამორიცხულია, რომ ეს ინფორმაცია მოგაწოდოთ–მეთქი. მე ვუთხარი თანამშრომლების რელიგიური შეხედულებებიც ხომ არ გაინტერესებთ–მეთქი, იეჰოვას მოწმე ვინ არის და ა.შ. არაო, ეგ არ გვაინტერესებსო, მხოლოდ სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციაო. მე ვკითხე, რისთვის გჭირდებათ ეს ინფორმაცია–მეთქი და მითხრა, რომ აღრიცხვას ვაკეთებთო”.


ადამიანის სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემად არის აღიარებული, რომლის დამუშავებაც აკრძალულია გარდა ამ შემთხვევებისა:


“აკრძალვა არ მოქმედებს, თუ: ა) მონაცემთა სუბიექტმა გამოხატა წერილობითი თანხმობა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებაზე; ბ) მონაცემთა სუბიექტმა საჯარო გახადა მის შესახებ მონაცემები მათი გამოყენების აშკარა აკრძალვის გარეშე; გ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის მიერ შრომითი ვალდებულების შესრულებისათვის ან მასთან დაკავშირებული უფლების განხორციელებისათვის; დ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან მესამე პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად და მონაცემთა სუბიექტს ფიზიკურად ან სამართლებრივად უნარი არა აქვს, განაცხადოს თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე; ე) მონაცემთა დამუშავება ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების (მუშაკის) მიერ ფიზიკური პირის ჯანმრთელობის დაცვის მიზნებისათვის, აგრეთვე თუ ეს აუცილებელია ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვისათვის ან ფუნქციონირებისათვის; ვ) მონაცემთა დამუშავება ხორციელდება ლეგიტიმური საქმიანობის განხორციელებისას პოლიტიკური, ფილოსოფიური, რელიგიური ან სავაჭრო გაერთიანების, ასოციაციის ან სხვა არაკომერციული ორგანიზაციის მიერ. ასეთ შემთხვევაში მონაცემთა დამუშავება შეიძლება დაკავშირებული იყოს მხოლოდ ამ ორგანიზაციის წევრებთან ან პირებთან, რომლებსაც მუდმივი კავშირი აქვთ ამ ორგანიზაციასთან”, – ნათქვაია საქართველოს კანონში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიოლეტა ყოლბაიას მიერ გავრცელებულ ცნობას კატეგორიულად უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ შსს–ს Gallery-სგან არავითარი სახის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაცია არ მოუთხოვიათ:

“სიმართლეს არ შეესაბამება და აბსურდული ინფორმაციაა. არავინ არ მისულა და ლგბტ–ზე ინფორმაცია არ მოუთხოვია”, – გვითხრეს შსს–ს პრესსამსახურში.

 

კითხვას, ხომ არ ყოფილან სამართალდამცველები გუშინ, ღამის საათებში Gallery-ში მისულები, შსს–ში ასევე უარყოფითი პასუხი გასცეს:

 

“არავინ არ ყოფილა”.

 

ვიოლეტა ყოლბაიას თქმით კი, Gallery იურისტთან გადის კონსულტაციას და გამორიცხული არ არის, რომ რეაგირების მიზნით შსს–ს გენერალურ ინსპექციას მიმართოს. მისივე თქმით, გასარკვევია, რატომ მივიდნენ პოლიციელები მათთან:

“გავარკვევთ, შეიძლება თვითონ გამოიჩინეს ინიციატივა, მაგრამ ჩვენ გვითხრეს, რომ ბრძანება აქვთ ასეთი”.


მისივე თქმით, შენობაში პოლიციელების შესვლის კადრები სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს, თუმცა Gallery–ის “ნეტგაზეთისთვის” ეს ვიდეოჩანაწერი ამ დრომდე არ მიუწოდებია. 


“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა თბილისში მოქმედი კიდევ ერთი კლუბის – “მტკვარზე” მენეჯერ ქეთა გაბუნიას და ჰკითხა, ხომ არ დაფიქსირებულა ანალოგიური შემთხვევა პოლიციელების მხრიდან მათთან მიმართებაშიც:


“არა, ჩვენთან არასდროს მოსულან. “გალერეა” ყოველდღე მუშაობს, როგორც კაფე, ჩვენთან სამუშაო საათებში ორდერის გარეშე დაცვა პოლიციას არ შემოუშვებს. ორდერისთვის სერიოზული მიზეზია საჭირო და არა ასე უკანონო, პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა”, – აღნიშნა გაბუნიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი