დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აპრილის ბოლოდან დღემდე [მაისის 15-მდე] ვირუსული მენინგიტის 40-მდე შემთხვევა დარეგისტრირდა. მათ შორის, ვირუსული მენინგიტით დაინფიცირებული არიან სკოლამდელი ასაკის და სკოლის ასაკის ბავშვები.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი ამბობს, ვირუსული მენინგიტით ძირითადად ბავშვები ინფიცირდებიან, ვინაიდან ვირუსული მენინგიტების უმეტესობა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, გამოწვეულია ენტეროვირუსებით. ენტეროვირუსები კი, როგორც ვირუსული მენინგიტის ყველაზე ხშირი გამომწვევი, ყველაზე ხშირად ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა ფეკალური დაბინძურებით (მაგალითად, პამპერსის გამოცვლის დროს, საპირფარეშოს გამოყენების შემდეგ ხელების არასათანადო დაბანით).
“ზაფხულში ტემპერატურის მატებასთან ერთად ვირუსული მენინგიტით დაინფიცირების რისკი იზრდება. ვირუსული მენინგიტი ნაკლებად მძიმე დაავადებაა, ვიდრე ბაქტერიული მენინგიტი. სპეციფიkურ მკურნალობას არ საჭიროებს, პაციენტები გადიან სიმპტომურ მკურნალობას და 7-10 დღის შემდეგ, როგორც წესი, გამოჯანმრთლდებიან. ინფიციფირების შემთხვევების ზუსტი სტატისტიკა არ ვიცით, მაგრამ ზრდა შეიმჩნევა. აპრილის ბოლოდან დღემდე 40-მდე შემთხვევა არის რეგისტირებული,”- ამბობს სპეციალისტი.
ვირუსული მენინგიტის ფატალურად დასრულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ვირუსია გამომწვევი, რა ასაკის არის პაციენტი და დასუსტებულია თუ არა მისი იმუნური სისტემა.
რაც შეეხება სიმპტომებს, ვირუსული მენინგიტი ხასიათდება ტემპერატურის უეცარი მატებით, თავის ტკივილით და კისრის დაჭიმვით. მას ხშირად თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, უმადობა.
პრევენციის მიზნით, სპეციალისტების რჩევებს შორისაა ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით პამპერსის გამოცვლის, საპირფარეშოს ხმარების, ხველების, დაცემინების შემდეგ; ხშირად შეხებადი ზედაპირების სველი წესით დასუფთავება ან დეზინფექცია [როგორიც არის კარის სახელური და ა.შ.], მწერების ნაკბენების თავიდან აცილება, თაგვებისა და ვირთხებისგან საცხოვრებელი ტერიტორიის გათავისუფლება, ასევე, აცრები იმ გამომწვევი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა წითელა, ყბაყურა, გრიპი [ეს დაავადებებიც ხდება ვირუსული მენინგიტის გამომწვევი].