ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“ჩვენ არ ვქმნით საქართველოსგან მტრის ხატს”  – აქტივისტი ენჯი პატარაია სოხუმიდან

5 ნოემბერი, 2018 • 8001
“ჩვენ არ ვქმნით საქართველოსგან მტრის ხატს”  – აქტივისტი ენჯი პატარაია სოხუმიდან

სოხუმის ცენტრში მდებარე პატარა ოფისში ყოველთვის ხალმხრავლობაა. აქ მუდმივად ვიღაც ინგლისური ენის სახელმძღვანელოს უზის, ვიღაც აფხაზურ ენაზე მულტფილმს უყურებს ანდა ფამუქს კითხულობს ორიგინალში.

ეს არის ცენტრი “სამყარო ძალადობის გარეშე”, სადაც მუშაობს ანჟელა პატარაია, იგივე ენჯი, რომელსაც სოხუმსა და სოხუმის ფარგლებს გარეთ სწორედ ასე იცნობენ.

ენჯი პატარაია აშშ-სა და თურქეთში სწავლობდა, სხვადასხვა საერთაშორისო პროექტის მონაწილეა, ამჟამად კი პროექტ «Abkhaz Desk»-ის მენეჯერია.

როგორც ენჯი გვიყვება, მისი დიდი ხნის ოცნება იყო, რომ სოხუმში გაჩენილიყო სივრცე, სადაც ადამიანები შეიკრიბებოდნენ და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებდნენ, დაეხმარებოდნენ, ენებს ასწავლიდნენ და საკუთარ კულტურას გააცნობდნენ.

“მრავალეროვანი ქვეყანა ვართ, ბოლო წლებში კი თურქეთიდან, სირიიდან, ევროპიდან განსაკუთრებით ბევრი აფხაზური და ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენელი ჩამოვიდა. მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ ადაპტაციაში”, – ამბობს პატარაია.

«Abkhaz Desk» არა რეაბილიტაციის ადგილი, არამედ ცენტრია, სადაც შეიძლება საკუთარი განათლების დონის ამაღლება, სადაც ყველა მონაწილე ერთმანეთს რაღაცას ასწავლის.

“ჩვენი მოხალისეები ასწავლიან ინგლისურ, აფხაზურ, თურქულ ენებს, თუკი, მაგალითად, არაბულის, სომხურის ან სხვა ნებისმიერი ენის სწავლების საჭიროება გაჩნდება, ჩვენ ამასაც დავაკმაყოფილებთ. აქ ცენტრში მხოლოდ იმას ვაკეთებთ, რასაც ადამიანები ითხოვენ”, – ამბობს პატარაია.

როგორც პატარაია ამბობს, «Abkhaz Desk»-ს ეთნიკური სომხებიც მიმართავენ, რომელთაც თურქული ენის შესწავლა სურთ.

“დარწმუნებული ვარ, ასეთი შესაძლებლობა მხოლოდ ჩვენთანაა. რა თქმა უნდა, არ ვამტკიცებთ იმას, რომ ჩვენ ვართ უნიკალურები, უბრალოდ ჩვენთან მეგობრული და ლიბერალული გარემოა”.

ფოტო: ნეტგაზეთი

ცენტრის პარალელურად ენჯი პატარაია აფხაზეთში ჰუმანიტარული ცენტრის პროგრამების სხვადასხვა პროექტშია ჩართული.

“ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი უსაქმოდ. დიდი სიამოვნებაა, სხვებს გაუზიარო შენი ცოდნა”.

ენჯი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კათერდაზე სპეციალურ კურსს უძღვება.

აფხაზეთის უმაღლესი განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება მას საშუალებას აძლევს, აფხაზეთის განათლების სისტემის ყველა ნაკლოვანება დაინახოს.

“ჩვენი უმაღლესი სასწავლებლები დიპლომებს გასცემენ და არა ცოდნას. სტუდენტები ნიშნის მისაღებად სხვადასხვა გზას მიმართავენ და, ამავე დროს, სურვილიც არ აქვთ, ცოდნა გაიღრმავონ. მათ არ ესმით, რომ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი ქაღალდი კი არა, ცოდნა აძლევთ მათ კარიერის შექმნის შესაძლებლობას”.

ენჯი პატარაია ერთი წელიწადი აშშ-ში, ოთხი წელიწადი კი  თურქეთში სწავლობდა. ის იმ მიდგომების შესახებ საუბრობს, რაც, მისი თქმით, ასე მძაფრად აკლია აფხაზური უმაღლესი განათლების სისტემას.

“სისტემა იქ არ გაძლევს საშუალებას არ ისწავლო და ისე იყო სტუდენტი. მშობლების ფინანსური კეთილდღეობის დონის მიუხედავად, ცხრილავს ყველა უსაქმურს. თუმცა, ეს ხისტი სისტემა კარგი პირობებით და მოტივაციით კომპენსირდება”.  

“მაგალითად, თურქეთში ანატოლიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გამოცდების პერიოდში დღედაღამ მუშაობს. მეგობრებთან ერთად ღამით იქ დავდიოდით მოსამზადებლად. იქვე არის დარბაზები, სადაც შეიძლება ჯგუფურად იმეცადინო და იხმაურო კიდეც, არის მშვიდი ადგილებიც, სადაც ყველა ცალ-ცალკე ზის, არის სავარძლებიც მსურველებისთვის, რომ დაიძინონ, წვნიანი კერძიც კი მოაქვთ დაღლილი სტუდენტებისთვის. ეს ხომ გადასარევია. ასეთ პირობებში სწავლაც კი გინდა.

როდესაც აქ, სოხუმში ვიწყებ მსგავსი იდეების განხილვას, ჩემი უფროსი კოლეგები ყველაფერს პრეზიდენტს აბრალებენ და ირწმუნებიან, რომ ყველაფერი მაშინ შეიცვლება, როდესაც ახალი პრეზიდენტი გვეყოლება. სხვები ამბობენ, რომ ამას ბევრი ფული სჭირდება, ზოგიერთი კი მსგავსი ინიციატივების საჭიროებას საერთოდ ვერ ხედავს”.

ენჯი პატარაიას აზრით, შექმნილ სიტუაციას ობიქტური მიზეზი აქვს,  ის დარწმუნებულია, რომ მიზეზი იზოლაციაში ყოფნაა.

“აფხაზეთში ძალიან ცოტა ახალგაზრდას აქვს საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობა. დიახ, რუსეთიც არსებობს, მაგრამ არც იქ არის სამაგალითო განათლების სისტემა.  ისინი, ვინც საზღვარგარეთ ვსწავლობდით, აბსოლუტური უმცირესობა ვართ. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი ახალგაზრდების ცნობიერება შევცვალოთ, მაგრამ ეს მცდელობა ზღვაში წვეთია”.

აფხაზების მომავალს მაინც ოპტიმისტურად ხედავს, თუმცა სიტუაციიდან გამოსავალი, როგორც ის ფიქრობს, მხოლოდ შიდა პოლიტიკაზეა დამოკიდებული.

“ჩვენი მეზობლები, არც საქრთველო და არც რუსეთი, მით უმეტეს, თურქეთი, ჩვენს ცხოვრებაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენენ. ყველაფერი ჩვენს საკუთარ ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. დიახ, ახლა არ გაგვაჩნია საუკეთესო შიდა პოლიტიკა, მაგრამ ეს ჩვენი შეცდომებია. ვერავინ გვაქცევს უფრო ჭკვიანებად, ბედნიერებად და წარმატებულებად”.

საქართველოზე საუბრისას ენჯი პატარაია ამბობს, რომ ბევრად ადვილი იქნებოდა საქართველოსთან ურთიერთობა, თუკი ის აფხაზეთს დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ აღიქვამდა.

“თუკი იქ, საქართველოში ხალხი გაიგებს, როგორ ვცხოვრობთ, რა პრობლემები გვაქვს, რა სურვილები,  აქაური რეალობა რომ აღიქვან ისე, როგორც არის, დიდი ხნის წინ დავალაგებდით ურთიერთობებს. თუმცა ისინი ილუზიებით ცხოვრობენ და სხვაგვარად აღიქვამენ აფხაზეთის მოსახლეობას.

რეალურად, ჩვენ მუდმივ შიშში ვცხოვრობთ, რომ ჩვენ მიმართ ომს დაიწყებენ. როდესაც საქართველოში რომელიმე პოლიტიკოსი მორიგ განცხადებას აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალ ახალ წელს სოხუმში შეხვდებიან, ჩვენ ახალი ომისთვის ვემზადებით. ჩვენ კი არ ვქმნით საქართველოსგან მტრის ხატს, თავად საქართველო წარმოგვიდგენს თავს ასეთად”.

რაც შეეხება რუსეთს, ენჯი პატარია მიიჩნევს, რომ ეს ქვეყანა ჯერჯერობით ერთადერთი პატრნიორია აფხაზეთის, რომელიც მათ ეხმარება.

“სხვა საკითხია, როგორ ვიყენებთ ამ დახმარებას, და ამ კუთხითაც ყველა პრეტენზია, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენი პოლიტიკოსების მიმართ არსებობს”.

ენჯი პატარაია ამბობს, რომ ოჯახში მას უკიდურეს ლიბერალად მიიჩნევენ – “სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრებამ და მეგობრებმა მთელ მსოფლიოში მასწავლეს სხვა კუთხიდანაც შევხედო ადამიანებს, რომელთაც მუდამ ვერ გაუგებ, თუმცა მათი კულტურული, მენტალური თუ ინტელექტუალური მრავალფეროვნება უნდა მიიღო. ამასთან, უნდა ეცადო, რომ სხვა აფხაზებიც მხოლოდ ერთი მიმართულებით არ განვითარდნენ”.

ყველა პროექტი,  სადაც ენჯი პატარაიაა ჩართული, განათლებასთანაა კავშირში. მისი აზრით, სწორედ განათლება გადაარჩენს სამყაროს.

ენჯი პატარაია; ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი