ახალი ამბები

“არა მიშას” – აქცია ვერის ბაღში, რომლის ორგანიზატორები რეგიონებში გასვლასაც გეგმავენ

4 ნოემბერი, 2018 •
“არა მიშას” – აქცია ვერის ბაღში, რომლის ორგანიზატორები რეგიონებში გასვლასაც გეგმავენ

“არა მიშას” – “ნაციონალური მოძრაობისა” და მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქცია, რომელზეც აღნიშნული ფრაზა დომინირებდა, ვერის ბაღში 13:00-ზე დაიწყო.

შეკრების დასრულებისას აქციის ორგანიზატორმა შეკრებილებს მოუწოდა, არჩევნების მეორე ტურში ხმა ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს მისცემენ.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გია ადეიშვილმა, რომელმაც ვერის ბაღში აქცია სოციალური ქსელით დაგეგმა, “ნეტგაზეთს” შეკრების მიზნებზე საუბრისას უთხრა:

“აქციას ერთადერთი მიზანი აქვს: “ნაციონალური მოძრაობა” არ იყოს საქართველოში. სხვა მიზანი არ აქვს. შემდეგ უკვე დავიწყებთ მონიტორინგს არსებული ხელისუფლების მიმართ, რომ ის ფაქტები, რაც ხდება, თუნდაც, ბავშვების ამბავი, აღარ მოხდეს და ეს გადაცმული ნაციონალები ხელისუფლებაში არ იყვნენ”.

მისი თქმით, “ფორსმაჟორულ ვითარებაში” გადაწყვიტა, ხმა ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს მისცეს, რადგან “სხვა გამოსავალი არ აქვს”.

სხვა ადამიანებთან ერთად აქ ის სახეებიც გამოჩნდნენ, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კამპანიაში უშუალოდ იყვნენ ჩართულნი: მათ შორის, გოგა ხაინდრავა, რომელიც კანდიდატის შტაბში “ოცნების” ეგზიტპოლის გამოცხადეს დღესაც იმყოფებოდა; ასევე თიკა ჯამბურია და ნინი ქარსელაძე, რომლებმაც ზურაბიშვილის მხარდამჭერ საკონცერტო პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა.

“სად სალომე და სად გრიგოლ ვაშაძე? ეს[ზურაბიშვილი] არის ევროპული აზროვნება, ევროპული განათლება და ევროპული მოქმედება. განსხვავებით საბჭოთა ნომენკლატურისაგან”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” აქციის მონაწილე ეკა რამიშვილმა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერია და არა უშუალოდ “ქართული ოცნების”.

“მე უშუაოდ სალომე ზურაბიშვილს ვუჭერ მხარს და არა “ქართულ ოცნებას”. “ოცნებამაც” და “ნაციონალებმაც” კარგად გაინაწილეს ადგილები და ერთმანეთის ლანძღვით გაგვატარებინეს 6 წელი”, – თქვა მან.

აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ პირველ ტურში ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისთვის ხმა არ მიუცია, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ანტიპათიის გამო, მეორე ტურში ამას გააკეთებს.

“მე არ მიმიცია სალომე ზურაბიშვილისთვის ხმა. მაგრამ ახლა ალტერნატივა არ მაქვს და მივცემ ხმას მას. თუმცა შემდგომ უკვე, სალომე ზურაბიშვილს მოვთხოვ ძალიან ბევრ რამეს.”, – აუთხრა “ნეტგაზეთს” მაკა ყიფიანმა.

აქციის ორგანიზაორთა თქმით, კამპანია ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში გაგრძელდება და მსგავსი ღონისძიებები რეგიონებშიც ჩატარდება. თუმცა, მათ კონკრეტული ვადები არ დაუსახელებიათ.

დღევანდელი აქცია სოციალურ ქსელში არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, რამდენიმე დღეში ჩაინიშნა.

“ცესკოს” საბოლოო შედეგებით, არჩევნების პირველ ტურში მმართველი პარტიის ფავორიტი კანდიდატისა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის შედეგს შორის განსხვავება 1%-ზე ნაკლებია: სალომე ზურაბიშვილმა ხმათა 38.64%, გრიგოლ ვაშაძემ კი  – 37.74% მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი