ახალი ამბები

4 ნოემბერს ვერის ბაღში ნაცმოძრაობის საწინააღმდეგო აქცია იგეგმება

1 ნოემბერი, 2018 • 2676
4 ნოემბერს ვერის ბაღში ნაცმოძრაობის საწინააღმდეგო აქცია იგეგმება

ფეისბუკზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კვირას, 4 ნოემბერს, ვერის ბაღში (ყოფილი კიროვის ბაღი) იგეგმება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო აქცია.

აქცია უკავშირდება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, ენმ-ის კოალიციის (“ძალა ერთობაშია”) კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის გასვლას.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა იმ ადამიანს, ვინც ერთ-ერთმა პირველმა დაწერა აქციის შესახებ — გოჩა ალექსიძეს.

“ასე გამოვიდა, რომ მე და ჩემმა მეგობარმა გია ადეიშვილმა გავახმოვანეთ უამრავი ადამიანის, როგორ ჩანს, წუხილი თუ სურვილი, რომ ამ არცთუ ისე წყნარ ვითარებაში მომხდარიყო ჩვეულებრივი ადამიანების, ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლების შეკრება, რათა ჩვენი ღია პოზიცია დავაფიქსიროთ რევანშისტული ძალების გააქტიურებათან დაკავშირებით, უარი ვუთხრათ სადიზმის რეინკარნაციას”, — მისწერა ალექსიძემ “ნეტგაზეთს”.

ჯერჯერობით არ არის გაკეთებული ფეისუბის ივენთი, რომელზეც გამოჩნდება, დაახლოებით რამდენი ადამიანი აპირებს აქციაზე წასვლას. ალექსიძის პოსტებს, რომელშიც იგი სხვებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს, ფეისბუკის მომხმარებლებმა დაახლოებით 300-ჯერ გააზიარეს. მისი თქმით, ივენთი, სავარაუდოდ, მალე დაიდება.

“კვირას 1 საათზე მივდივართ ვერის (კიროვის) ბაღში, ვიკრიბებით ის ხალხი, ვინც აღარ დავუშვებთ სადიზმის დაბრუნებას ამ ქალაქში და საერთოდ ქვეყანაში. არა სადისტების რეანიმაციას!” — წერს იგი.

მან ფეისბუკზე ასევე დაწერა, რომ ეს არაა პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული შეკრება:

“თუ პოლიტიკურ პარტიებს უნდათ რაიმე ინიციატივა, გთხოვთ თავი შეიკავოთ, ეს სუფთად სახალხო შეკრებაა, ვერც ვერავინ ვერავის ვერაფერს აუკრძალავს, უბრალოდ მანდატების გარეშე შეკრებაა, როგორც მოქალაქე რა თქმა უნდა ყველა, ვისაც სურვილი აქვს! სუფთად სახალხო, ეცით ხალხს პატივი, ქულების წერის გარეშე! ხელისუფლება არ ჩაგვრევია და სხვა პოლიტიკურმა ძალებმაც ეცით პატივი ხალხს!”

მასალების გადაბეჭდვის წესი